"ესენი არიან ურწმუნოები და ურჯულოები" - სინდისის პატიმრის დედა "ოცნების" წევრებზე
რუსთაველის გამზირზე სტუდენტებისა და რიგითი მოქალაქეების გვერდით სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედაც დგას - მარიზი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე 20-21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ არცერთი ხელისუფლება არ ახსენდება, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირდებოდეს.
"ესენი არიან ურწმუნოები, ურჯულოები" - აცხადებს რეჟიმის ტყვის დედა "პირველებთან".
გაოცებული დავრჩი და ძალიან გავბრაზდი. ეს რა მარიონეტი ხელისუფლებაა. არცერთი ხელისუფლების დროს არ მახსოვს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ასეთი რამ მომხდარიყოს. ესენი არიან ურწმუნოები, ურჯულოები. ტყუილად დგანან სამების საკათედრო ტაძარში შვილებთან ერთად. არ რცხვენიათ? მე ვთვლი, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც რეჟიმის პატიმრები არიან, გაცილებით თავისუფლები არიან". - განაცხადა მარიზი კობახიძემ.
საქართველოში უწყვეტი პროტესტის 135-ე დღეა - მიუხედავად დაკავებებისა, დედაქალაქის გამზირი გადაიკეტა. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე 3 ადამიანი, ლაშა დგებუაძე, ლევან ზაზაძე და დავით გუნაშვილი დააკავეს. მოქალაქეები დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და ისინი ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულიდან ერთ-ერთს, ლაშა დგებუაძეს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება. სამივე დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. არ არის გამორიცხული, რომ მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 აპრილს გაიმართოს.