სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა, რომ “ოცნება“ ეუთოს გენმდივნისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს
სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა, რომ “ოცნება“ საქართველოში ვიზიტით ჩამოსული ეუთოს გენმდივნისთვის მიცემულ პირობაა შეასრულებს.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ეუთო/ოდირი დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს რეკომენდაციას, თმცა ამ ეტაპზე, არანაირი წინგადადგმული ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არ ჩანს.
“პირიქით, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესება ხდება“,- აცხადებს დოლიძე.
ეუთო/ოდირი დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს რეკომენდაციას, რომ, მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობას სრული გადახედვა სჭირდება, ასევე ანალიზი და საარჩევნო კანონმდებლობაზე ინკლუზიური პროცესის წარმოება იმისთვის, რომ ერთი და ორი ტექნიკური კი არ გამოსწორდეს, არამედ ისეთი კანონმდებლობა იყოს ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. თუმცა, ჩვენ წლებია ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება“ არანაირად არ ცდილობს, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფილად გადახედვას, და იმაზე საერთოდ აღარაა საუბარი, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური. საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ვნახეთ ჩვენ არაერთი გაუარესება, ეს ეხება თვითმმართველობის არჩევნების სისტემის გაუარესებას და სულ ახლახანს ცესკოს დადგენილების ცვლილება, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების და დაკმვირვებლების უფლებებს ზღუდავს. ჩვენ, ამ ეტაპზე, არ გვინახავს არანაირი წინგადადგმული ნაბიჯი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პირიქით, ვხედავთ საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებას, არაერთი მიმართულებით, ამიტომ ჩვენთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაჯერება,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
საქართველოში, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა.
ეუთოს გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბრიფინგი გამართეს.