ჯარიმების ახალი სერია - "შსს ვიდეოჯარიმის შაბლონს იყენებს"

23.04.25 13:51
ჯარიმების ახალი სერია - "შსს ვიდეოჯარიმის შაბლონს იყენებს"

ჯარიმების ახალი სერია - იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ გომელაურის უწყებას ჯარიმების ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა.

მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა მიიღო პოლიციისგან მესიჯი, რომლის თანახმადაც, ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული, თუმცა, "რეალურად შსს ვიდეოჯარიმების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა მანქანის გამო არაა".

ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად - წერს სოციალურ ქსელში იურისტი.

"შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო. დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ.

შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.

მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ?

გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი.

ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ", - წერს სიმონიშვილი.

ჯარიმის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://videos.police.ge/

დღეს Facebook-ზე არაერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ მანქანით არასწორად გადაადგილებისთვის ან არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმეს. დაჯარიმებული ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.