"რატომ მიყვირით, სულ კივით ყველა პროცესზე" - ხმაური ნიკა კაციას პროცესზე

24.04.25 14:14
"რატომ მიყვირით, სულ კივით ყველა პროცესზე" - ხმაური ნიკა კაციას პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც სინდისის პატიმარი საბრალდებო სკამზე დასვეს, მედიასაშუალების კამერა ნიკა კაციას სრულყოფილად გადაღებას ვერ ახერხებდა, რადგან რეჟიმის ტყვეს საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ეფარებოდა.

ნიკა კაცია მოსამართლისგან ითხოვდა, რომ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი ადგილიდან გაეწია და მედიებისთვის სასამართლო პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცა. თავდაპირველად, მოსამართლემ სინდისის პატიმარს შენიშვნა მისცა, თუმცა მოგვიანებით, საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს მიუთითა, რომ რამდენიმე ფეხის ნაბიჯით უკან დამდგარიყო.

დაშვებულია გადაღება კანონიერად. მედია იმისთვის არის, რომ გადამიღოს. რატომ მიყვირით, სულ კივით ყველა პროცესზე", - უთხრა ნიკა კაციამ მოსამართლეს. 

ძალიან გთხოვთ, ამის გამო ნუ შექმნით პრობლემას. ამაზე კამათი შეიძლება?!" - უთხრა თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაციას. 

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სხდომათა დარბაზში მყოფი დამსწრე საზოგადოებაც გააფრთხილა. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი რაიმე სახის რეპლიკას ექნებოდა, პროცესს დახურავდა. 

საყურადღებოა, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა კაციას გაძევებას პროკურორი ითხოვდა, რადგან როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, პროკურორს სინდისის პატიმრის შეფასებები არ მოსწონდა, რასაც საქმესთან დაკავშირებით აფიქსირებდა. 

შეგახსენებთ, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.