ხანძარი ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში - ადგილობრივები სავარაუდო შურისძიებაზე საუბრობენ

26.04.25 13:33
ხანძარი ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში - ადგილობრივები სავარაუდო შურისძიებაზე საუბრობენ

მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი გუშინ დაახლოებით ღამის 10 საათზე გაუჩნდა - ამ დროს მეორე სართულზე პენსიონერ ქალს ეძინა და რომ არა მეზობლები, გელა უძილაურის დედა ალბათ ვერც გაიგებდა ხანძრის შესახებ. 

ამ ინფორმაციას "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან და ამბობენ, რომ გუშინ ღამით ყვარელში რამდენიმე სახანძრო და საპატრულო იყო მისული. 

რაჭის ქუჩაზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც არიან მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პოლიცია კარდაკარ დადის და ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოედო შენობას ცეცხლი ტყის მხრიდან. 

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი ვაკეში მომხდარი მკვლეობის გამო სავარაუდო შურისძიებას უკავშირდებოდეს. 

ღამე დაახლოებით 10 სააათი იყო, სახურავზე ეკიდა ცეცხლი და მეორე სართულზე. შეიძლება ვიღაცამ რაღაც გაუკიდა, აბა თავისთვის როგორ გაჩნდებოდა. მარტო იყო ქალი სახლში, ალბათ შურისძიებას უკავშირდება. სახანძროც იყო, პოლიციაც იყო", - ამბობს ადგილობრივი. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.