ილია თოფურია მსუბუქ წონაში UFC-ს ჩემპიონია

ქართველმა მებრძოლმა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა — ილია თოფურია მსუბუქ წონაში UFC-ს ახალი ჩემპიონია.
მან ბრაზილიელ ვეტერან ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა და ბრძოლა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაასრულა.
ეს არ არის ილია თოფურიას პირველი ჩემპიონობა UFC-ში — 2024 წლის თებერვალში მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ტიტული მოიპოვა. აღნიშნული ტიტული თოფურიამ ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან გამართულ შეხვედრაში წარმატებით დაიცვა.
ამ გამარჯვებით ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლად იქცა — ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც ორ წონით კატეგორიაში აქვს მოპოვებული ჩემპიონობა.