ერთი დღე გადამწყვეტ მატჩამდე - ხვალ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება
ერთი დღე გადამწყვეტ მატჩამდე - ხვალ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ანრი მექვაბიშვილთან ერთად პრესკონფერენცია უკვე გამართა და განაცხადა, რომ იმედი აქვს "გუნდს სწორი მიდგომა ექნება, ის აგრესია და ის ხარისხი, რაც გამარჯვებისთვის საჭირო იქნება".
ვილი სანიოლის თქმით, "ყველა ოცნებების ასასრულებლად ვიბრძვით, ვიბრძვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ და ხვალ ამ ოცნების ასრულების ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება".
ჩვენი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, პირველ ადგილზე გასვლის გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც მგონია, რომ დღეს დღეობით მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. თბილისურ თამაშში საწყისი 15 წუთი ისეთი არ იყო, როგორსაც ვისურვებდი. მატჩი ცუდად დავიწყეთ და კარგად დავასრულეთ. ხვალინდელ შეხვედრაში ველი, რომ ჩემი გუნდისგან სწორი მიდგომა იქნება, ის აგრესია და ის ხარისხი, რაც გამარჯვებისთვის საჭირო იქნება. ვიცით საიდან მოვდივართ, ვიცით ქართული ფეხბურთის ევოლუციის შესახებ, ჩვენ ყველა ოცნებების ასასრულებლად ვიბრძვით, ვიბრძვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ და ხვალ ამ ოცნების ასრულების ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება.
ხვალ გამარჯვება სიურპრიზი იქნება? - ყველაფერი პირველად ხდება, ალბათ გახსოვთ ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი წარმოდგენა, რომელიც ისტორიული იყო და იმიტომაც არის ფეხბურთი საინტერესო, რომ ხშირად ხდება ასეთი სიურპრიზები," - განაცხადა ვილი სანიოლმა.