საქართველო-ესპანეთის მატჩის მოლოდინში - ჯვაროსნები დღევანდელი თამაშისთვის ემზადებიან
დღეს ფეხბურთის დღეა - საღამოს ზუსტად 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო საშინაო თამაშს გამართავს. მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრებია.
საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილი არ ეყოლება, ოთარ კაკაბაძეს და გიორგი მიქაუტაძეს კი ტრავმები აქვთ. ესპანეთის ნაკრები კი ამ სპორტულ შეჯიბრებას, პედრის და ლამინ იამალის გარეშე ჩაატარებს.
„გუნდში ძალიან კარგი გარემოა, იმაზე უკეთესი, ვიდრე სექტემბერში ან ოქტომბერში იყო. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ მომავალზე, ხაზი გავუსვი, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი.
ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. მათ ბოლო წლებში არაერთხელ შევხვდით. ესპანეთში ჩატარებულ ბოლო მატჩში მთავარი პრობლემა ჩვენი მხრიდან ნაკლები ბრძოლა იყო, იმედი მაქვს, ამჯერად უკეთესად ვითამაშებთ.
პატარა გუნდი ვართ და როცა რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, მათი შეცვლა რთულია. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ. ესპანეთსა და ბულგარეთთან ჩასატარებელი მატჩები რაღაც ახლის დასაწყისი უნდა გახდეს“.- ამბობს ვილი სანიოლი.