უკრაინელი მოციგავე ოლიმპიურ თამაშებზე მივიდა ჩაფხუტით, რომელზეც ომის დროს დაღუპული ადამიანების ფოტოებია დატანილი - რა რეაქცია მოჰყვა ფაქტს
უკრაინელი მოციგავე, ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მივიდა ჩაფხუტით, რომელზეც ომის დროს დაღუპული ადამიანების ფოტოები იყო დატანილი. მან ამ ჩაფხუტით 9 თებერვალს ივარჯიშა.
ჰერასკევიჩმა დღეს, 10 თებერვალს განაცხადა, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა მას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აუკრძალა ჩაფხუტის გამოყენება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაღუპულ უკრაინელ ათლეტებს პატივს მიაგებს.
"გადაწყვეტილება, რომელიც უბრალოდ გულს მიტეხს. მაქვს განცდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ღალატობს იმ ათლეტებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი იყვნენ და არ იძლევა საშუალებას, რომ მათ პატივი მიაგონ იმ სპორტის არენაზე, სადაც ეს ათლეტები ვეღარასდროს დააბიჯებენ." - დაწერა ჰერასკევიჩმა Instagram-ზე.
სპორტსმენმა თქვა, რომ გუშინ იტალიელი სნოუბორდისტი გამოვიდა ჩაფხუტით, რომელზეც რუსეთის დროშა იყო გამოსახული, რაც აკრძალულია და ამაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა.
ვლადისლავ ჰერასკევიჩი ამზადებს ოფიციალურ მიმართვას კომიტეტისადმი, სადაც იბრძოლებს იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე სწორედ ამ ჩაფხუტით გამოსვლის უფლება ჰქონდეს.
ჰერასკევიჩს მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩაფხუტზე რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ათლეტების სურათებია გამოსახული, მათ შორის არიან, ფიგურული მოციგურავე, დმიტრო შარპარი, რომელიც ბახმუტთან ახლოს ბრძოლისას დაიღუპა, და 19 წლის ბიათლეტი, ევგენი მალიშევი, რომელიც ხარკოვის სიახლოვეს მოკლეს.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვალს დაიწყო.