მე-10 წამზე შეწყვეტილი მატჩი და ფეხბურთელების პროტესტი - ქსკ “ლანჩხუთი“ საგანგებო განცხადებას არვცელებს
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი “ნიკე ლუსოს“ მასპინძლობდა, თუმცა მატჩის დაწყებიდან 10 წამში ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა ბურთი მოედნიდან გადააგდეს, მატჩი შეწყვიტეს და სტდიონზე ბანერი გამოფინეს:
"ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა".
თამაშის დაწყების წინ მათ არც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს ჩამოართვეს ხელი.
მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" განცხადება გაავრცელა.
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!
თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.
სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!