"სპორტში ძალადობის ადგილი არ არის" - „ბათუმი შტორმი“ „ლანჩხუთის“ პროტესტს მხარს უჭერს

30.09.26 21:09
"სპორტში ძალადობის ადგილი არ არის" - „ბათუმი შტორმი“ „ლანჩხუთის“ პროტესტს მხარს უჭერს

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი შტორმი“ ეხმაურება „ლანჩხუთის“ მიერ გამოხატულ პროტესტს და სრულ სოლიდარობას უცხადებს გუნდის ფეხბურთელებს.

„ბათუმი შტორმი“ მოუწოდებს შესაბამის უწყებებსა და საფეხბურთო სტრუქტურებს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ქალთა ფეხბურთში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რათა არცერთ მოთამაშეს აღარ მოუწიოს მოედანზე თუ მოედნის მიღმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. 

“სპორტში ძალადობის ადგილი არ არის"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაშია.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი შტორმი“ ეხმაურება „ლანჩხუთის“ მიერ გამოხატულ პროტესტს და სრულ სოლიდარობას უცხადებს გუნდის ფეხბურთელებს.
ჩვენი ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბისა და მთელი კოლექტივის სახელით, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობასა და უსამართლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გოგო ფეხბურთელების ღირსებას, უსაფრთხოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.
„ბათუმი შტორმი“ მხარს უჭერს „ლანჩხუთის“ სამართლიან პროტესტს და კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას - ქალთა ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე.
ქალთა ფეხბურთში უსაფრთხო, თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა. 
სპორტული შედეგები და ქულები ვერასდროს იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებებია. 
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებსა და საფეხბურთო სტრუქტურებს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ქალთა ფეხბურთში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რათა არცერთ მოთამაშეს აღარ მოუწიოს მოედანზე თუ მოედნის მიღმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. 
ჩვენ ფეხბურთელების გვერდით ვდგავართ!
ძალა ერთობაშია! 
“სპორტში ძალადობის ადგილი არ არის “!" - წერს ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი შტორმი“. 

ცნობისთვის, „ნიკე ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შედეგად, დარბაზიდან გათავისუფლდა. მას გამოძიება კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელი გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა.

  • ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ფლობელმა ის საცხოვრებელ სახლში გააუპატიურა. 
  • საქმის მასალების თანახმად, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელმა კორპორატიული ღონისძიების შემდეგ თანამშრომლებს საცხოვრებელ სახლებში დატოვება შესთავაზა - მას შემდეგ, რაც ყველა სახლებში მიიყვანა და მხოლოდ 20 წლის გოგო დარჩა მანქანაში, ის სახლში მოტყუებით აიყვანა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. 

29 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კლუბ „ნიკე ლუსოსთან“ თამაში ჩაშალეს და სტადიონზე გამოფინეს ბანერი წარწერით „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

მოგვიანებით კლუბმა „ლანჩხუთმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელ გოგონას სოლიდარობას უცხადებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კლუბის მფლობელს გოგონების გასახდელში ვიდეო კამერები ჰქონდა დამონტაჟებული.

დღეს კლუბმა „ნიკე ლუსომ“ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც „ლანჩხუთი“ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა და გასახდელში არსებული კამერების შესახებ ფაქტიც უარყო.