წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემია დაფუძნდა - შეთანხმება მამუკა ხაზარაძესა და მსოფლიო საფეხბურთო გრანდს შორის შედგა

დღეს წალენჯიხაში "იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემიაში პირველი ვარჯიში ტარდება. შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და მსოფლიო საფეხბურთო გრანდს შორის დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა, დღეს უკვე რეალობად იქცა. ქართველ ბავშვებს წვრთნებს იუვენტუსის მწვრთნელები ჩაუტარებენ.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში მომავალი თაობისთვის. მისივე თქმით, დიდი გრანდის აკადემიის განხსნა სექტემბერში გაიმართება.
"პესიმისტებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში იმიტომ, რომ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს და ჩვენ მომავალ თაობას მივცეთ, ის ევროპული და თანამედროვე სტანდარტი, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხეთ და იუვენტუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრანდის აკადემია დავაფუძნეთ საქართველოში, რომლის დიდი განხსნა იქნება სექტემბერში. დღეს ბავშვები იწყებენ ვარჯიშს, მათ ჩამოუვიდათ იტალიიდან მთელი ეკიპირება და მე მგონი, ყველაფერზე მეტყველებს ამ ბავშვების ის თვალები, რა სიხარული და რა ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილი" - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.