ყველასთან ვითანამშრომლებ, გარდა ზღვარსგადასული გამონათქვამების ავტორებისა - სოსო ტყემალაძე

რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე, რომელსაც ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის პირად კადრად მოიხსენიებენ, უკვე მუშაობას შეუდგა. მას რამდენიმე ფორმალური საკითხი აქვს გასავლელი. ტყემალაძე აცხადებს, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ითანამშრომლებს ყველასთან, იშვიათი გამონაკლისის გარდა.
საკმაოდ მალე გადავალ სამუშაო რეჟიმში, რომ სწრაფად დავიწყოთ თამაში, ყველასთან მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის, გარდა ზღვარსგადასული გამოთქმების ავტორებისა. - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.
ოპონენტები აღნიშნავენ, რომ სოსო ტყემალაძემ რაგბში არეულობა უკვე შემოიტანა. ისინი არ აღიარებენ ახალ პრეზიდენტს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.
ვნახეთ, რა მშვიდობაც მოიტანა, არეულობა და განხეთქილება შემოიტანა რაგბში, 2000 კაცი დასჭირდა, არჩევნები რომ ჩაეტარებინა. ვირთხებით იყვნენ შემძვრალები და აირჩიეს სოსო, ეს სამარცხვინოა, რაც აქ ხდება, ეს ხდება ქვეყანაშიც, ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ - ამბობს ვეტერანი მორაგბე, სიმონ მაისურაძე.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძე მომდევნო 4 წელი იქნება.