ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

11.06.21 17:13
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ევროპის ჩეპიონატი ფეხბურთში დღეს ოფიციალურად, თბილისის დროით 23 საათზე,  გაიხსნება. ჩემპიონატი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ესენია: ამსტერდამი, ბაქო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, გლაზგო, ლონდონი, მიუნხენი, რომი, სანქტ-პეტერბურგი და სევილია. 

ორგანიზატორები ბილეთების გაყიდვიდან მაქსიმალურ შემოსავალს ვერ მიიღებენ, რადგან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს საჯარო ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვები.

უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც 67-ათასიანი Puskas Arena-ზე ანშლაგი დაუშვა. ბაქოსა და სანქტ-პეტერბურგში სტადიონები სანახევროდ გაივსება, დანარჩენ არენებზე კი 15-20 ათასი გულშემატკივარი დაიშვება, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში, მაყურებელთა რაოდენობის გაზრდა შესაძლებელი იქნება. 

24 ნაკრებიდან, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს, ფინეთი და ჩრდ. მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებენ, 19 ნაკრები კი ევრო 2016-ზეც მონაწილეობდა. გერმანია, პორტუგალია და საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეცამეტედ მოხვდნენ, 11 მასპინძელი ქვეყნიდან კი ევროს საგზური მხოლოდ რუმინეთმა და აზერბაიჯანმა ვერ მოიპოვა.  

სპეციალისტები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ინგლისის ნაკრებს მიიჩნევენ, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ბელგიასაც, რომელიც არასდროს ყოფილა ევროს გამარჯვებული.

ჩემპიონატის დაწყებამდე  უკრაინისა და რუსეთის ნაკრები ერთმანეთს პოლიტიკური მოტივით დაუპირისპირდნენ. რუსების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უკრაინის ნაკრების მაისურზე მათი ქვეყნის მიერ ანექსირებული ყირიმიც იყო გამოსახული. რუსეთმა ევროპის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, უკრაინას ეს ფაქტი გამოესწორებინა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო.

რუსეთის ნაკრების პროტესტის ნიშნად ლვოველი ფანების ფესტივალის გვერდზე (Lviv Fan Festival) გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრში რუსეთი-ბელგიის მატჩის ერთად ყურების ორგანიზება იგეგმება. B ჯგუფის ეს შეხვედრა 12 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში, გაიმართება და რუსეთის ნაკრების კარში გასულ ყოველ გოლზე ღონისძიების სტუმრებს უფასოდ 100 ბოკალ ლუდს მიართმევენ. 

ევროპის ჩემპიონატი დღეს თურქეთისა და იტალიის გუნდების მატჩით გაიხსნება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.