უკრაინის ნაკრები მაისურიდან სლოგანის "დიდება გმირებს" ამოღებას არ აპირებს

11.06.21 19:19
უკრაინის ნაკრები მაისურიდან სლოგანის "დიდება გმირებს" ამოღებას არ აპირებს

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობამ  დააკმაყოფილა ევროპის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა და ნაკრების მაისურზე მხოლოდ ერთი წარწერა -,,დიდება გმირებს" დატოვა. 

აქამდე უკრაინის ნაკრებს მაისურზე 2 წარწერა ჰქონდა დატანილი: ,,დიდება გმირებს" და ,,დიდება უკრაინას". UEFA-მ მეორე წარწერა პოლიტიკურ მოწოდებად მიიჩნია და მისი მოშორების რეკომენდაცია გასცა. 

უკრაინის ნაკრების მაისურმა ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდების, განსაკუთრებით, რუსეთის, ყურადღება მიიპყრო. მაისურზე დატანილია უკრაინის რუკა, რომელზეც ოფიციალური მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმიცაა გამოსახული.

ამ ფაქტმა რუსი პოლიტიკოსებისა და სპორტსმენების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მათ რუკის შეცვლის მოთხოვნით ევროპის ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, თუმცა, აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ სპორტშიც გადაინაცვლა. ბევრმა უკრაინულმა მეწარმემ განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების კარში გატანილ ყოველ გოლზე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება მისი ავტორი, უკრაინის რიგ რესტორნებსა და ბარებში სტუმრებს ლუდს უფასოდ დაალევინებენ.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატმა სტარტი დღეს აიღო. თბილისის დროით 23 საათზე მისი გახსნის ცერემონიალი ჩატარდება.