ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე - რა ხდება დორტმუნდში?

17.06.24 15:46
ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე - რა ხდება დორტმუნდში?

დროის ათვლა დაწყებულია - ზუსტად 27 საათში ქართველი ფეხბურთელები დორტმუნდის სტადიონზე პირველ ისტორიულ თამაშს გამართავენ. ქართული მედიის ყურადღება ახლა სწორედ  გერმანიის ქალაქისკენ არის მიპყრობილი.  ყველაფერი თითქმის მზად არის. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ფელბერტის უკვე ივარჯიშეს.  ახლა ბოლო მოსამზადებელი შტრიხებია დარჩენილი.

მთელ დორტმუნდში  ქართველი ქომაგების ხმები ისმის. საგანგებო მისიით გერმანიაში ჩასული ქართველები  ეროვნული ნაკრების წევრებს ბოლომდე მხარდაჭერას ჰპირდებიან. საგანგებოდ ამ დრისთვის გულშემატკივრებმა გერმანიაში ჩაიტანეს ეროვნული ატრიბუტებიც, ამზადებენ პერფორმანსებსაც. ცნობილია, რომ დორტმუნდის სტადიონზე ხვალ, სულ მცირე, 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი იჯდება. 

იმისთვის, რომ გულშემატკივრებმა იცოდნენ, სად იკრიბებიან და საიდან დაიწყებენ მსვლელობას, ამისთვის საქართველოს ნაკრების ფან საელჩო არის შექმნილი, რომელსაც გოჩა თანდარაშვილი ხელმძღვანელობს. 

ასევე ცნობილია, რომ დორტმუნდის შემოსასვლელში ქართველებს დახვდებათ წარწერა "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". 

ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, გულშემატკივრები რომ იქნებიან სტადიონზე, თუნდაც მონტენეგროსთან ბევრი არ ყოფილა, თუმცა რაღაც მუხტი იყო და სასიამოვნოა ფეხბურთელებისთვის. ერთი ოჯახი ვართ და რა თქმა უნა, კარგი განწყობაა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც ძალიან კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს რომ შენს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად აკეთებ, უფრო მაგარი გრძნობაა, - ამბობს ეროვნული ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე.