ფეხბურთელი, რომელიც EURO 2024-ს გულშემატკივრის ამპლუაში ესწრება - ცოტა რამ ჯაბა კანკავაზე და ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
ამ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა EURO 2024-ზე მოედანზე თამაშს გულშემატკივრის როლი არჩია. მისი მოედანზე შესვლისას გურამ კაშია კაპიტნის სამკლაურს იხსნის და პატივისცემის ნიშნად მას გადასცემს, როგორც ძველ კაპიტანს და როგორც ყველაზე ვეტერანს საქართველოს ნაკრებში.

ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ tvpirveli.ge "სპორტულ რუბრიკაში" ჯაბა კანკავაზე მოგიყვებათ, ფეხბურთელზე, რომელმაც საქართვერლოს ნაკრების პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ითამაშა და ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გახდა.
ბრატისლავას „სლოვანისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 38 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა საკლუბო კარიერა 2004 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო.
„დინამოში“ წარმატებული სეზონის შემდეგ კანკავა ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2005 წლის სეზონის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში გადავიდა, კერძოდ კიევის „არსენალში“, სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან ჯაბა დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „დნიპროში“ ახალგადასული ჯაბა პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს,მაგრამ კიევის „დინამოსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში იმდენად ეუხეშა მეტოქეს, რომ მოედნიდან გააძევეს და მას შემდეგ გარკვეული პერიოდი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 2007 წლის ბოლოს, როგორც კი თავის გამოჩენის შანსი მიეცა, ჩინებულად გამოიყენა და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს. ამ პერიოდში კანკავა მხოლოდ 22 წლის იყო და ძალიან წარმატებულად ატარებდა კარიერას. 2007-08 წლის სეზონში სულ ჯაბამ 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა ,ხოლო 2008-09 წლის სეზონში 3 მატჩი და 0 გოლი. 2009 წელს ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და თამაში მხოლოდ 2010 წლის დასაწყისში განაახლა. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის აგვისტომდე იჯარის წესით განათხოვრებული იყო კრივოი-როგის „კრივბასში“, შემდეგ დაბრუნდა „დნიპროში“ და იყო მისი კაპიტანი.
სწორედ "დნიპროს" უკავშირდება მისი ლეგენდარული ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
2014 წლის 30 მარტს, კიევის „დინამოს“ წინააღდეგ ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას, ჯაბამ ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა. "დინამოს" ნახევარმცველს "დნიპროს" მეკარე დენის ბოიკო მუხლით შეეჯახა. გუსევმა გონება დაკარგა. კანკავა პირველი იყო, ვინც დაზარალებულს აუცილებელი დახმარება გაუწია - დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს ექიმის თქმით, გუსევს სიცოცხლე სწორედ კანკავას სწრაფმა მოქმედებამ გადაურჩინა. 13 აპრილს, ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მატჩამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა კანკავას საპატიო ჯილდო გადასცა.

ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ 2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთ მატჩში წითელი ბარათიც მიიღო ანდრეა პირლოსთან ორთაბრძოლისას. მისი მეასე მატჩი იყო 2021 წლის 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.