როგორ ემზადებიან ისტორიული მატჩის საყურებლად თბილისში?
ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, ისტორიული მატჩის ნახვა და მიხეილ მესხის სტადიონზე გიგანტური ეკრანებიდან შეეძლებათ. ჰამბურგის დროით ზუსტად სამზე და თბილისის დროით ზუსტად ხუთ საათზე, ორი ქვეყნის საფეხბურთო მოედანზე, ერთდროულად გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
მიხეილ მესხის სტადიონის კარი ზუსტად 3 საათზე გაიღება. მატჩის დაწყებამდე დაგეგმილია აქტივობები. სტადიონზე ასევე გაიხსნება კოკა-კოლას ფან-ზონა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს, თუმცა თურქეთის ნაკრებთან მატჩში გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც „ნაპოლის“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროს ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.