ხარისხი და მუხტი, რომელიც საქართველოშია გვაძლევს საშუალებას, მოგებაზე ვითამაშოთ - ლევან შენგელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია ფიქრობს, რომ დღევანდელ მატჩზე პორტუგალიის ნაკრების დამარცხება შესაძლებელია. მისი თქმით, ამის თქმის საშუალებას მას ფეხბურთელების თამაშის ხარისხი და ის მუხტი აძლევს, რომელც საქართველოშია. ფეხბურთელი ამბობს, რომ წინ ურთულესი თამაშია და შეცდომები არ უნდა დაუშვან.
განვიხილეთ პორტუგალიის ნაკრები. ყველამ ვიცით, როგორი ძლიერი ნაკრებიც არის. უბრალოდ, ის მუხტი, რაც საქართველოშია და ჩვენთან გუნდში, პლუს ამას ხარისხი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშებთ. იმედიანად ვართ და ჩვენი პლუსების გამოყენებას ვეცდებით, მაგრამ ვიცით, რომ ურთულესი თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დავუშვათ, - ამბობს ლევან შენგელია.
გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. გერმანია, თბილისის დროით 23:00 საათი - მთელი ქვეყნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივოდ ემზადება. მეტოქე პორტუგალიაა, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამრაცხოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ჩატოვებს.