ეს იყო ჩვენი მადლობა მათთვის, ვინც ჩამოვიდა, გვიყურებდა და ჩვენ გვერდით იყო - გიორგი წიტაიშვილი

27.06.24 11:15
ეს იყო ჩვენი მადლობა მათთვის, ვინც ჩამოვიდა, გვიყურებდა და ჩვენ გვერდით იყო - გიორგი წიტაიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი საზოგადოებას გულმხურვალე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"ეს იყო ჩვენი მადლობა მათთვის, ვინც ჩამოვიდა, გვიყურებდა და ჩვენ გვერდით იყო" - ამბობს ფეხბურთელი და იქვე დასძენს, რომ ისტორიული მოგებით მთელი საქართველო გაერთიანდა.

გიორგი წიტაიშვილი აცხადებს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მოგებისთვის და სასურველი შედეგის მიღებისთვის თავი არ დაზოგეს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს. 

ვიცი, რომ ძალიან რთული იყო ყველასთვის ჩამოსვლა, მაგრამ მაინც შეძლეს. ეს იყო ჩვენი მადლობა მათთვის, ვინც ჩამოვიდა, გვიყურებდა და ჩვენ გვერდით იყო. ყველაფერი ჩავდეთ ამ მოგებისთვის და ხალხი გავაერთიანეთ. ისევ 26 რიცხვს დაემთხვა და მე მგონი, ყველაზე კარგი რიცხვია, რაც შეიძლება იყოს", - ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.