ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი შევძელით და ამ ყველაფრის ნაწილი ვართ - ოთარ კიტეიშვილი
"ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი შევძელით და ამ ყველაფრის ნაწილი ვართ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ქართველმა სპორტსმენმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ მიუხედავად მიღებული ტრავმისა, თავს კარგად გრძნობს და გაჩერებას არ აპირებს.
ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი შევძელით და ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, პირველ ორ თამაშში არ მიმიღია მონაწილეობა, რაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვცდილობდი, რომ ბოლო თამაშისთვის მაინც ვყოფილიყავი მზად და ასეც მოხდა. მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში მოვახერხე მონაწილეობის მიღება. თავს კარგად ვგრძნობ ფიზიკურად", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.