წინ არ ვიცით რა გველოდება, ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს და ბოლომდე ვიბრძოლოთ - გიორგი ქოჩორაშვილი

27.06.24 11:28
წინ არ ვიცით რა გველოდება, ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს და ბოლომდე ვიბრძოლოთ - გიორგი ქოჩორაშვილი

როგორი განწყობა აქვთ ისტორიული მატჩის მთავარ გმირებს და როგორ გეგმავენ ესპანეთთან თამაშს? - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ესპანეთის სიძლიერისა, ქართველი ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ და მოედანზე ბოლომდე იბრძოლებენ.

გიორგი ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ ახლა დანებების და დაღლილობის დრო არ არის, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი დონის ფეხბურთი უნდა ითამაშონ.

ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია. ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, სადაც თამაშობს. შევეცდებით, რომ ძალები აღვიდგინოთ კარგად. წინ არ ვიცით რა გველოდება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ ისევ ისე, როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. ახლა დაღლილობა არ იგრძნობა", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.