გიორგი გოჩოლეიშვილი: ისტორიას დავწერთ და კიდევ უფრო წინ წავალთ, ესპანეთთან რევანშია ასაღები

27.06.24 11:33
გიორგი გოჩოლეიშვილი: ისტორიას დავწერთ და კიდევ უფრო წინ წავალთ, ესპანეთთან რევანშია ასაღები

მერვედ ფინალისთვის მზადება უკვე დაწყებულია - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები ესპანეთთან ღირსეული მატჩის ჩასატარებლად ემზადებიან.

როგორც ქართველი სპორტსმენი, გიორგი გოჩოლეიშვილი აცხადებს, "ესპანეთთან რევანშია ასაღები".

მცველის თქმით, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორია უკვე დაწერა, ამიტომ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე გაგრძელდება.

ბედნიერები ვართ ძალიან. გავიმეორებ, რომ ისტორიას დავწერთ და კიდევ უფრო წინ წავალთ. ესპანეთთან რევანშია ასაღები", - ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.