ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეებია, ვენაცვალე ქართველ ფეხბურთელებს - გიორგი ნემსაძე
ახალი ისტორია დაწერილია, წინ კი ახალი გზაა გამარჯვების მოსაპოვებლად - ისტორიული მატჩის შემდეგ, ქართველ ქომაგებს ეჭვი, ფაქტობრივად, აღარ ეპარებათ, რომ ესპანელებთანაც ქართველები უკომპრომისო ბრძოლას აჩვენებენ.
ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან ქართველების შერკინებას განსაკუთრებით ვეტერანი ფეხბურთელები ელოდებოდნენ. ის, რაც გუშინ აუფ შალკეს არენაზე მოხდა, ბევრი მათგანისთვის დიდი ხნის ნატვრა და ახდენილი ოცნებაა.
ჩემს ცხოვრებაში და ყველა ქართველი ფეხბურთელის, გულშემატკივრის და არაგულშემატკივარის ცხოვრებაში უბედნიერესი დღეებია, რადგან ჩვენმა ქვეყანამ გამარჯვება იზეიმა, რომელსაც ათეული წლები ველოდებოდით. ნამდვილად არ ველოდებოდიუ მერვედ ფინალში გასვლას. გამოუცდელობის მიზეზი, რომელიც იყო თურქეთთან, ჩეხეთთან, ესეც დაძლიეს და ეს ბარიერიც გადალახეს. უდიდესი სიხარული მიანიჭეს ქართველ ხალხს. მადლობა მათ, ვენაცვალე. არ ვიცი, ვის გამოვყოფდი. ეს არის ერთი დიდი გვირგვინი, რომელიც შექმნა შეკრულმა გუნდმა", - ამბობს გიორგი ნემსაძე.
ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.