პორტუგალიასთან მოგება ნაკრების ერთსულოვნად და ერთმუშტად ყოფნამ გამოიწვია - გიორგი ნემსაძე

"პორტუგალიასთან მოგება ნაკრების ერთსულოვნად და ერთმუშტად ყოფნამ გამოიწვია" - ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ გააკეთა.
ნემსაძემ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ პორტუგალიის დამარცხება სწორედ იმან განაპირობა, რომ ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო დონის სპორტსმენებს სტადიონზე თანასწორებად მიიჩნევდნენ.
მთავარი ის არის, რომ მთელი გუნდი ერთმუშტად იყო შეკრული. ეს შექმნა იმ ხელმძღვანელობამ და იმ გარემო პირობებმა, რომელიც შეუქმნა ვილი სანიოლმა და იმ ხელმძღვანელობამ, რომელიც ფედერაციაში მუშაობს. რატომღაც მგონია, რომ ეს არის პირველი ფაქტორი, რომ ჩვენი გუნდი ლამაზ, ერთსულოვან ფეხბურთს თამაშობს და ამიტომაც მოხდა დიდი ბარიერის დაძლევა და აქამდე მოსვლა. გამიხარდა, რომ პორტუგალიის ნაკრების თამაშის წინ ხვიჩამ აღნიშნა ის ფაქტორი, რომ ჩვენთვის სახელები და გვარები არაფერს არ ნიშნავსო. ეს აზრი გუნდშიც მუსირებდა და მოხარული ვიყავი, რომ რახან ეს აზრი არის ის წნეხი აღარ არსებობს, რაც ადრე დიდ და უარყოფით როლს თამაშობდა ჩვენი თამაშისთვის", - ამბობს ნემსაძე.
საქართველო მორიგი სასწაულის მოლოდინში. დიდი დღესასწაული გრძელდება და ეს საქართველოს ნაკრების დამსახურებაა. ზუსტად ორ დღეში მთელი ქვეყანა 2 საათით გაჩერდება. ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გავლენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარს კიდევ ერთი დღესასწაული ვაჩუქოთ - ამბობს მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილი.
მეკარე, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესპანელებს ბურთი არ გაატანინოს. ახლა მთელი ყურადღება თამაშზეა კონცენტრირებული. საქართველოს ნაკრები რევანშისთვის ემზადება, ქართველი გულშემატკივარი კი მორიგი ზეიმისთვის. უკვე ცნობილია, რომ კიოლნის სტადიონზე ჩვენს გუნდს ათი ათასი ქომაგი ტრიბუნებიდან გაამხნევებს.