ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ველოდით, ამიტომ მოედანზე თავისუფლად უნდა გამოვიდნენ - გიორგი პავლიაშვილი
"ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ველოდით, ამიტომ მოედანზე თავისუფლად უნდა გამოვიდნენ" - ამის შესახებ განცხადება "სილქ სპორტის" კომენტატორმა, გიორგი პავლიაშვილმა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
სპორტული ჟურნალისტის თქმით, ესპანეთის ნაკრებზე გულშემატკივრების მხრიდან დიდი წნეხი იქნება, რადგან მათ გამარჯვებას ესპანელები მოუთმენლად ელოდებიან.
გიორგი პავლიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ერთი თვის წინ საქართველოს მერვედ ფინალში მოხვედრა წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს.
წნეხი იქნება ესპანელებზეც, ისევე როგორც იყო ჯგუფში ჩვენს ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე. რომ ვაღიაროთ, საქართველოს ნაკრებთან ყველა ეს გუნდი გამოდის მოსაგებად და მათ საკუთარი გულშემატკივრები არ პატიობენ, რომ საქართველოს ვერ უგებენ. ესპანეთსაც იგივე წნეხი აქვს. ესპანეთი არის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ეს არის გუნდი, რომელმაც საქართველო უპრობლემოდ უნდა დაამარცხოს, ისინი ასე ფიქრობენ. რაც შეგვეხება ჩვენ, ბიჭებმა გასაკეთებელი გააკეთეს, იმაზე მეტიც კი რასაც ველოდით და ესპანეთთან წნეხის გარეშე უნდა გამოვიდნენ მოედანზე. უნდა მიიღონ სიამოვნება იმისგან თუ სადაც არიან. სადაც არიან ამის წარმოდგენა რთული იყო ერთი თვით ადრე, მაგრამ ბურთი მრგვალია", - ამბობს გიორგი პავლიაშვილი.
საქართველო მორიგი სასწაულის მოლოდინში. დიდი დღესასწაული გრძელდება და ეს საქართველოს ნაკრების დამსახურებაა. ზუსტად ორ დღეში მთელი ქვეყანა 2 საათით გაჩერდება. ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გავლენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარს კიდევ ერთი დღესასწაული ვაჩუქოთ - ამბობს მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილი.
მეკარე, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესპანელებს ბურთი არ გაატანინოს. ახლა მთელი ყურადღება თამაშზეა კონცენტრირებული. საქართველოს ნაკრები რევანშისთვის ემზადება, ქართველი გულშემატკივარი კი მორიგი ზეიმისთვის. უკვე ცნობილია, რომ კიოლნის სტადიონზე ჩვენს გუნდს ათი ათასი ქომაგი ტრიბუნებიდან გაამხნევებს.