კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა - ლუკა ლოჩოშვილი ცნობილ კადრზე

"კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა" - ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ლუკა ლოჩოშვილი ცნობილ ფოტოს, სადაც გიორგი მამარდაშვილთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად არის გამოსახული.
ნაკრების მცველი განმარტავს, რომ პორტუგალიასთან თამაშის დროს საჯარიმოში მსოფლიო დონის ფეხბურთელთან გარკვეულ დონეზე ფიზიკური კონტაქტი დაამყარა, თუმცა არა იმდენად, რომ რონალდუ აღშფოთებულიყო და პენალტი მოეთხოვა.
კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ემოციური ადამიანი ვარ და ემოციების გამოხატვა სტადიონზეც მიყვარს. ნამდვილად არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აი, რონალდუა და სხვანაირად უნდა მოვიქცე. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მითუმეტეს, ამ დონეზე ის კონტაქტი, რაც გვქონდა, არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ პენალტი ამ ფორმით მოეთხოვა. ალბათ, თვითონაც ხვდება, რომ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან, როგორიც თავადაა, კონტაქტის გარეშე გამკლავება წარმოუდგენელია. თუ ასეთ მოთამაშესთან კონტაქტში არ იყავი, რა თქმა უნდა, დაისჯები. ამდენად, ჩემი ეს რეაქციაც ამაზე იყო. რონალდო იმაზე აპელირებდა, რაც არ უნდა ყოფილიყო. მომენტი გადამოწმდა და არც არაფერი შეცვლილა", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.