საქართველო-ესპანეთის მატჩის მოლოდინში - რა პროგნოზი აქვს კახა კალაძეს

29.06.24 15:17
საქართველო-ესპანეთის მატჩის მოლოდინში - რა პროგნოზი აქვს კახა კალაძეს

სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და ესპანეთს შორის ხვალ გასამართი მატჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კალაძე ამბობს, რომ რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს ესპანეთი, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, მაგარი ბიჭები და დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ. ყველასთან შეიძლება თამაში, წარმატების მიღწევა. ეს დადასტურდა წინა შეხვედრებშიც. რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველო-ესპანეთის მატჩი ხვალ კიოლნში თბილისის დროით 23 საატზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები