კვარა მსოფლიოში საუკეთესოა, შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს - გიორგი მამარდაშვილი

"მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია" - ამის შესახებ კომენტარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მატჩამდე პრესკონფერენციაზე აკეთებს.
გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელსაც ოქროს ბურთის მოგების დიდი შანსი აქვს.
ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი ესპანეთის ნაკრების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველებს ძლიერი მეტოქე ჰყავთ:
მე, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია, რომ მოიგოს ოქროს ბურთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ. ჩემი პატივისცემა მათ და ძალიან მაგრები არიან ისინიც, მაგრამ მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
ჯვაროსნები ფორიაროხასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან - თვეების შემდეგ სანიოლის გუნდი ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრების პირისპირ პირველად აღმოჩნდება. ეს არის რევანშისტული თამაში. ეროვნულ ნაკრებში ამბობენ, რომ შეცდომებზე ისწავლეს. საქართველო ფორმაშია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩემპიონატის ფავორიტი გუნდი ევროპირველობიდან გამოთიშონ. მთელი ქვეყანა ახლა გერმანულ ქალაქში დაგეგმილი მატჩის მოლოდინშია. როგორც არ უნდა დასრულდეს ხვალინდელი საფეხბურთო შერკინება, ყველა თანხმდება, რომ ჩვენმა ნაკრებმა სასწაული უკვე მოახდინა.