ამ ბიჭებმა ერთობა დაგვანახეს, ასეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს - კალატოზიშვილი ნაკრების ფეხბურთელებს დახვდა

02.07.24 10:40
ამ ბიჭებმა ერთობა დაგვანახეს, ასეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს - კალატოზიშვილი ნაკრების ფეხბურთელებს დახვდა

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა, მათ შორის იყო მსახიობი ნანკა კალატოზიშვილიც.

კალატოზიშვილმა "პირველებთან" იმ ემოციებზე და იმ ერთიანობაზე ისაუბრა, რაც ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოს და ქართველ ხალხს განაცდევინეს.

ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვიყავით ამ თამაშებზე და ძალიან მინდა, მართლა მინდა ყველა ადამიანს ვთხოვო, რომ ეს შეგრძნება გავიხანგრძლივოთ, აღარ დავკარგოთ და ხელი აღარასოდეს აღარ გავუშვათ, რადგან წარმოუდგენელი ბედნიერება გვაჩუქეს ამ ბიჭებმა და სიყვარული, ერთობა დაგვანახეს... აი ასეთი საქართველო მინდა, როგორიც იყო ეს ბოლო რამდენიმე კვირა. ასეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, როცა ყველა ერთმანეთს ეხუტება, არ ეკითხებიან არაფერს და ყველას ერთმანეთი უყვარს. დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების საჩუქარს ხელიდან აღარასოდეს არ გავუშვებთ", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“, გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა.  ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა