ფარიკაობის ფედერაციამ სანდრო ბაზაძის დამარცხებაზე საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივარი გაგზავნა
საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა - ამის შესახებ საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია საგანგებიდ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
ირკვევა, რომ ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა.
საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.