გამარჯვება ეძღვნება ჩემს ქალაქს, ჩემს სამშობლოს, ჩემს ვაჟკაც გმირებს, ვინც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაეცნენ - პეტრიაშვილი
გორში ოლიმპიელი ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის დაბრუნებას ზეიმობენ. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, მოჭიდავე მშობლიურ მხარეში ოქროს მედლით დაბრუნდა.
პეტრიაშვილის თქმით, ის საკუთარ გამარჯვებას სამშობლოს და დაღუპულ გმირებს უძღვნის. ჩემპიონმა გულშემატკივრებსაც მიმართა, მომავალ სპორტსმენებს კი ურჩია, რომ დამარცხების გამო არასდროს დანებდნენ.
თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მიყვარხართ გორელებო. გამარჯვება ეძღვნება, ჩემს ქალაქს, ჩემს სამშობლოს, ჩემს ვაჟკაც გმირებს, ვინც დაეცნენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი სპორტის მთავარი პრინციპი მაგაზეა, დამარცხდი ადექი უნდა გააგრძელო. ჩემი განვლილი სპორტული კარიერიდან გამომდინარე ასე მოხდა, დავმარცხდი, ავდექით და გავიმარჯვეთ. - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე 30 წლის გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს 10:9 მოუგო.