“ამორტიზება არაფერ შუაშია“- რას წერს სპორტული ჟურნალისტი “დინამოს“ სტადიონზე

15.08.24 17:39
“ამორტიზება არაფერ შუაშია“- რას წერს სპორტული ჟურნალისტი “დინამოს“ სტადიონზე

რატომ გადაწყდა საქართველო-ჩეხეთს მატჩის ჩატარება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, როცა ქვეყანაში არსებობს ეროვნული სტადიონი, რომელიც 2-ჯერ მეტ გულშემატკივარს იტევს? - სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. 

კლდიაშვილმა ქრონოლოგიურად დაწერა “დინამოს“ სტადიონის ამბავი, საიდანაც ირკვევა, რომ “ამორტიზებულმა“ მოედანმა, ბოლო პერიოდში, არაერთ მნიშვნელოვან მატჩს უმასპინძლა.

ხალხნო, დინამოს სტადიონის ამბავი რომ მოგიყვეთ მოკლედ - 2015 წლის სუპერთასი რომ წამოიღო საქართველომ, ბუნებრივია, უეფა ჩამოვიდა და სტადიონი შეამოწმა. ეს არის ლიცენზირების განუყოფელი ნაწილი. იქ, ერთ ტრიბუნას ჰქონდა პრობლემა, რადგან დინამო არენას ქვემოთ ყოფილა აუზი და ეს წყალი ამ ტრიბუნას აზიანებდა.

სრულად რეაბილიტირდა, საძირკვლიანად შეიცვალა და შესაბამისად, უეფამ ლიცენზია მისცა სტადიონს, მატჩს უმასპინძლა ჩვეულებრივ დინამომ.

როცა 21 წლამდელთა ევროპას ვუმაპინძლეთ, დინამოს სტადიონს, კიდევ ერთხელ ჩაუტარდა უეფას ლიცენზირება, ჩატარდა სამუშაოები და სტადიონს აქვს უეფას ლიცენზია.

ამბავი იცით რაშია? - რომა ფიფიას ფეხბურთის ფედერაცია უხდის ფულს, რომ დინამო არენაზე თამაშები ჩაატაროს, რადგან დინამო არენას დინამო თბილისი 49 წლიანი იჯარით განკარგავს და ვალდებულებები აქვს რიგი, თუმცა, იმიტომ, რომ დინამო არენა არის ეროვნული სტადიონი, ბუნებრივია, ქვეყანას თავად უწევს დახარჯოს იჯარით გადაცემული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის თანხები.

ყველა ღონისძიებისთვის, რაც ტარდება დინამო არენაზე, გარდა დინამო თბილისის თამაშებისა, იხდიან ორგანიზატორები სტადიონის ქირაობის თანხას.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ აზოტის ქარხანა ფიფიასი აღარ არის და დღემდე მიდის დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. შესაბამისად, ფიფიას დიდი ხანია არ აქვს ფული. დინამო არენას თუ არ დაიქირავებს ფედერაცია სანაკრებო თამაშებისთვის, ეს კიდევ მეტად დაარტყამს მას.

ამიტომ, გონივრული ქცევა იქნებოდა, უეფასგან სალიცენზიო კომისიის ჩამოსვლა და სტადიონის შეფასება და მერე ყველაფერი დალაგდებოდა

არ დაგავიწყდეთ, რომ ლოკომოტივის სტადიონზეც რიგ ტრიბუნებს ვერ გამოვიყენებთო, დაწერეს. დინამოს ამორტიზება არაფერ შუაშია. უბრალოდ, ფიფიას ამბავია მხოლოდ და მხოლოდ.

დინამო კიდევ ამ დღეში იმიტომ არის, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკაა ამდენი წელიწადია და ბუნებრივია, არც საშველი იქნება, მაგრამ ახლა სხვა რაღაცეები დგას უკან და პრინციპში, არც არავის დაუმალავს ეგ ამბავი, პრემიერის განცხადებას თუ გავითვალისწინებთ

სულელებიც არ ვართ ახლა, დასკვნები ვერ გამოგვქონდეს“,- დაწერა კლდიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია და შესაძლოა მდგრადობის პრობლემები შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები