გიორგი მამარდაშვილი კვლავ ჩვენი ფეხბურთელია - „ვალენსიის“ მწვრთნელი

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში" გადასვლის შესახებ ინფორმაციას „ვალენსიის“ მწვრთნელი არ ადასტურებს.
რუბენ ბარახას თქმით, მამარდაშვილი კვლავ ვალენსიის ფეხბურთელად რჩება.
"მამარდაშვილზე დღეს ასეთი ვითარებაა: ის ჩვენი ფეხბურთელია და სანამ განსხვავებული სიტუაცია არ იქნება, არაფრის შეფასებას არ ვაპირებ. გიორგი ვალენსიას ფეხბურთელია და მზადაა ითამაშოს ბარსელონასთან, მხოლოდ ამაზეა კონცენტრირებული. როცა სატრანსფერო ბაზარი ღიაა, კლუბები ყიდულობენ ფეხბურთელებს, მაგრამ მე ხვალინდელ თამაშზე ვარ კონცენტრირებული, ის აქ არის, მზადაა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ფეხბურთელი რომ გავყიდოთ, ჯერ შემოთავაზება უნდა მივიღოთ, შემდეგ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს წასვლის სურვილი, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. გიორგის კლუბთან კონტრაქტი აქვს და სანამ ის სხვა გუნდთან კონტრაქტს არ გააფორმებს, ერთ-ერთი ჩვენგანია. ის მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, იგივე ეხება ხავი გერას. ყველა თამაშზეა კონცენტრირებული", - აღნიშნა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულმა“ მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანელებს 35 მილიონი ევრო შესთავაზა.