''ლევანტე'' საქართველოშია - ესპანური საფეხბურთო კლუბი ახალგაზრდა ტალანტებს არჩევს

19.08.24 14:12
''ლევანტე'' საქართველოშია - ესპანური საფეხბურთო კლუბი ახალგაზრდა ტალანტებს არჩევს

ამ წუთებში დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში ტალანტებს არჩევენ - საქართველოში ჩამოსული ესპანური კლუბი "ლევანტე" 13-იდან 18-წლამდე სპორტსმენებს ეძებს, რათა ევროპაში წაიყვანოს და გადაამზადოს.

ამ დროისთვის დიდ დიღომში ორი ჯგუფი ვარჯიშობს. სპორტსმენები თბილისში მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ. საუკეთესოებს კი "ლევანტე" ვალენსიაში, კლუბის ბაზაზე გაწვრთნის.

საწვრთნელი ბანაკის შემდეგ 10 ფეხბურთელი შეირჩევა, რომლებსაც საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა "ლევანტეს" აკადემიაში გაატარონ.

"ლევანტეს" პრესსამსახურის წარმომადგენლის, ხავის თქმით, კლუბის საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენაა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სტაჟირება ესპანეთში გაიარონ.

პირველად ვარ საქართველოში, ჩვენთვის ეს განსაკუთრებული თავგადასავალი აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხალხით, სტუმართმოყვარეობით. ძალიან ბევრი რამ დავათვალიერე,  გავსინჯე ქართული სამზარეულო, რომელიც არის საოცარი, განსაკუთრებით ხინკალი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენ აქ ვეძებთ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც მიეცემათ შანსი გაიარონ სტაჟირება ესპანეთში და მიიღონ გამოცდილება. მინდა მივულოცო ''ლევანტეს' ყველა გულშემატკივარს, რომ გუშინდელ მატჩში ქოჩორა გახდა საუკეთესო მოთამაშე და გაიტანა გამარჯვების გოლი,"- განაცხადა ხავიმ.