მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა
თბილისის ქუჩებში ზეიმია. ქართველმა UFC-ის მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. მერაბ დვალიშვილი გამარჯვებულია. შტატებში საქართველოს დროშა ფრიალებს. სიგნალებით და გამარჯვების შეძახილებით ათასობით გულშემატკივარმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყო. ქართველმა მებრძოლმა ლას-ვეგასში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ამ გამარჯვებით, დვალიშვილის ანგარიშზე უკვე ოთხი ყოფილი ჩემპიონის დამარცხებაა.
განსაკუთრებით ემოციური იყო მებრძოლის გამარჯვების შემდგომი კომენტარი, სადაც ის ოქტაგონზე ატირდა და ყველას, ვინც ამ დროის მანძილზე მის გვერდით იდგა, მადლობა გადაუხადა.
ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. სპარინგის დროს ჩემთვის დიდ და პატარა კაცს მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის, შემიძლია კიდევ 15 რაუნდის ასე გავლა. ომალი ზევიდან მიყურებდა, თითქოს ჩემზე რამით მეტი იყო, მაგრამ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ, - თქვა დვალიშვილმა.
33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგების სერიით მივიდა. მერაბ დვალიშვილის მხარდასაჭერად დილის 7 საათიდან ქართველი გულშემატკივარი ფილარმონიასთან იყო შეკრებილი და პრინციპულ დაპირისპირებას დიდ ეკრანზე ელოდებოდა.
ვულოცავ მთელ საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა! მერაბ, მიყვარხარ, გულში ხარ!, - ამბობდნენ ქომაგები დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ.
მერაბ დვალიშვილი ახლა შემდგომი ოპონენტის მოლოდინშია.