ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირება- უმნიშვნელოვანეს მატჩამდე საათზე ნაკლები რჩება
ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირება- უმნიშვნელოვანეს მატჩამდე საათზე ნაკლები რჩება.
ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ, თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ. 21:00 საათიდან მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში ერევნის რესპუბლიკური სტადიონი იქნება.
ტრადიციული უკომპრომისო დაპირისპირების მოლოდინშია ორივე გუნდიც და მაყურებელიც. სამ დღეში კი, 23 მარტს, სომხეთის ნაკრებს უკვე “დინამო არენაზე“ ვუმასპინძლებთ.
ხუთჯვრიანი დროშებით, დოლებით და საყვირებით ათასობით ქართველი უკვე ერევნის მთავარ სტადიონზეა. დღეს ჯვაროსნებს განსაკუთრებული ქომაგობა ელოდებათ. მანამდე კი იყო ქართველმა გულშემატკივრებმა ერევნის ქუჩებში ხმაურიანი მსვლელობა მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია გამოტოვებენ, კაპიტნის სამკლაურს კი გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი მოირგებს.
ზღაპრის ბოლო კეთილი უნდა იყოს, დიდი იმედი მაქვს და უნდა გავიმარჯვოთ. შანსები დიდი გვაქვს, ძალიან მაინტერესებს, როგორ დამთავრდება, მაგრამ ჩემი პროგნოზიც მქონდა ანგარიშის და სამ ბურთზე ავედი“, - ამბობს ერევანში ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასული, მერაბ სეფაშვილი.
ქართული ფეხბურთის ქომაგები მინიმუმ 4-ბურთიანი სხვაობით მოგებას პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ სამშობლოში, აუცილებლად, მოგებულები დაბრუნდებიან:
“ძალიან მაგარი განწყობა გვაქვს, მოსაგებად ვართ ჩამოსულები და აუცილებლად, 3 ქულით დავბრუნდებით სამშობლოში“
“ამ ხალხმა 6-7 საათი იმისთვის არ იარა, რომ ერევანი ენახათ და ტურისტებად ჩამოვსულიყავით. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ნაკრებისთვის და იმედია, ბიჭების თამაშიც შეგვიწყობს ხელს“.
“მე სომეხი ვარ, მაგრამ მიყვარს, მიყვარს საქართველო“.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან შვიდი შეხვედრა გამართეს. საქართველომ სამჯერ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს.