"შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის..." - ქოჩორაშვილი ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელის განცხადებაზე
"შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის..."- ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ"
სპორტსმენი ამბობს, რომ ჩეხეთთან შეხვედრის დროს ქართველი ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, სასურველი შედეგი დადონ.
რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით. მოედანზე ისე არ უნდა გავიდე, როგორც ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნო. როდესაც საქმიდან სიამოვნებას იღებ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოგდის. ჩემი დანიშნულებაც ესაა, ვისიამოვნო და თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვეთანხმები, მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია.
შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის. მაგალითად, მე ყოველდღე ვმუშაობ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწო. თუ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქის თამაშის ყურება, მაქსიმუმ, 5-10 წუთით დავაკვირდე და გავიგო, რას წარმოადგენს“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა:
„თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.
საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის
მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.