ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრანტები კორუფციას, სოციალურ პრობლემებს, განათლების დაბალ ხარისხსა და სამუშაო ადგილების ნაკლებობას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ.
28 ნოემბერს, ალბანეთის დამოუკიდებლობის დღეს, სტუდენტების ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და აალებადი ნივთიერების შემცველი ბოთლები დაუშინეს, ასევე დააზიანეს სამთავრობო შენობები.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ალბანეთში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.