გრიგოლ გეგელია კობახიძის ანგარიშზე - კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა
კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება.
გეგელიას განცხადებით, "ოცნების" ლიდერის ყოველწლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტებს არ შეესაბამება და მოიცავს მცდარ განცხადებებს როგორც ევროკავშირთან ურთიერთობების, ანაკლიის პორტის, უცხოური ინვესტიციების, ნატოში ინტეგრაციისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება რეალური პრობლემების დაფარვას ცდილობს და საზოგადოებას მცდარ სურათს აწვდის ქვეყნის განვითარების შესახებ.
მინდა გამოვეხმაური ბატონი ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ტყუილების ანგარიშს.
1. კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირმა გააჩერა ინსტიტუციური თანამშრომლობა; ის ციტირებს 2025 წლის ნოემბრის წერილს, მაშინ როდესაც 1 წლით ადრე, 2024 ნოემბერში თვითონ კობახიძემ შეაჩერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ეს განცხადება ახსოვს მთელს საქართველოს.2. კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიას პირველი გემები 6 წლის წინ უნდა მიეღო, რომ არა ივანიშვილის ოცნება. ნაცვლად ამისა, 6 წლის თავზე ვისმენთ, რომ მიმდინარეობს დაღრმავებითი სამუშაოები - ის რაც კონსორციუმმა უკვე განახორციელა წლების წინ, როცა მოხდა 5 მილიონი კუბური მეტრი მიწის ამოტუმბვა.
6 წლის თავზე, კობახიძე გვპირდება იმას, რაც 7 წლის წინ უკვე გაკეთდა. რასაკვირველია, ნორმალური ადამიანი სერიოზულად ვერ მოეკიდება კობახიძის საუბარს ანაკლიაზე. ან რა პორტზეა საუბარი, როდესაც პორტამდე მისასვლელი გზაც კი არ არსებობს. სიმართლე არის ის, რომ ამ რეჟიმის პირობებში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს, რადგან ეს რეჟიმი ემსახურება რუსულ ინტერესს და არა ქართულ ინტერესს
3. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%-მდეა. სრულიად გაუგებარია, თუ ვის მიეწერება ეს გამოთვლა, რადგან ევროკავშირი ერთადერთ ასეთ გამოთვლას აწარმოებს, რომელიც ეხება საგარეო პოლიტკის თანხვედრას და რომელშიც ქოცებს აქვთ ყველა დონის ყველაზე დაბალი და სამარცხვინო 40% და არა 80%
4. კობახიძე ამტკიცებს, რომ გრძელდება მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის მიმართულებით, მაშინ როცა მისივე რეჟიმის მთავარი ექს-პროპაგანდისტიც კი ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში.2025 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 1.68 მილიარდი, მაგრამ აქედან 1.4 მილიარდი იყო რეინვესტიცია. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ახალი ფული და ახალი უცხოური ინვესტიცია ამ ქვეყანაში არ შემოდის - ესაა აქ მოქმედი უცხოური კომპანიების რეინვესტიციები
5. კობახიძე ამბობს, რომ 233 880 ბავშვი სარგებლობს ყოველთვიური შემწეობით; თუმცა, ის აღარ ახსენებს, რომ მისმა ხელისუფლებამ, მისივე აღიარებით, 2022 – 2026 წლებში 30 000 ფიქტიური სამუშაო ადგილის შექმნაში გაფლანგა 376 მილიონი ლარი. დიახ, მშიერი და სოციალური დაუცველი ბავშვების დახმარების მაგიერ!
6. კობახიძე ამბობს, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიზნით; მაშინ როდესაც ნატო ჯერ კიდევ სამი წლის წინ უკვე ამბობდა, რომ საქართველო არ ასრულებს არცერთ ვალდებულას და საკვანძო რეფორმას, რაც აუცილებლად მოეთხოვება ასპირანტ ქვეყანას
ასეთია კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა. ღირსეულმა ქართველმა ერმა სულ მალე საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ქრონიკულ ცრუპენტელებს, რომლებმაც საკუთარ ეგოს შესწირეს ამ ქვეყნის რეპუტაცია, სტაბილურობა, კეთილდღეობა და მილიონობით ქართველის ბედი, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. კობახიძე პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი დაკონკრეტდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება.