სიორიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა „ოცნების“ რეპრესიულ შეზღუდვებს სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს

13.10.26 17:36
სიორიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა „ოცნების“ რეპრესიულ შეზღუდვებს სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს

 

 

ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. გრანტების კანონმდებლობაზე „ქართული ოცნების“ პროპაგანდასა და რეპრესიულ შეზღუდვებს სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

სიორიძის თქმით, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის ლიდერები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონი სუვერენიტეტის დაცვას ემსახურებოდა, ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო-სამართლებრივმა ორგანომ პირდაპირ დაადასტურა საპირისპირო - რომ საკანონმდებლო ცვლილებები არა სუვერენიტეტის გაძლიერებას, არამედ კონსტიტუციური სისტემისთვის ძირის გამოთხრასა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. გრანტების კანონმდებლობაზე, სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს "ქართული ოცნების" ამ რეპრესიულ შეზღუდვებს. "ქართული ოცნების" სპიკერები, განსაკუთრებით, კობახიძე და პაპუაშვილი, კვალიფიციური იურისტების პიედესტალიდან გვიმტკიცებენ, რომ ამ კანონმდებლობის მიღება აუცილებელი იყო საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, უცხიური გავლენების და ჩარევების გასანეიტრალებლად. 

ამ პროპაგანდაზე ვენეციის კომისიის ექსპერტთა კვალიფიციური პასუხი შემდეგია, ვციტირებ: " ეს კანონები მიზნად არ ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და გაძლიერებას და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენებისა და საგარეო ჩარევებისგან დაცვას. ის აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებში. კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმის და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენებისა და საგარეო ჩარევებისგან, ეს კანონმდებლობა მათ ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნის". ციტატის დასასრული.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს კანონმდებლობა ზღუდავს არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ, რეალურად, პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს ათასობით ადამიანს. ივანიშვილის რეჟიმს სურს, მოსპოს ამ ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა და აქტივობა, აკრძალოს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ ყველა და ყველაფერი, რაც "ქართულ ოცნებას" გზაზე გადაეღობება, თუმცა ამ ყველაფერს აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფასი, რომელსაც "ქართული ოცნება" იხდის, გადაიხდის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამის ერთ-ერთი დასტური გახლავთ სწორედ ვენეციის კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა და „ქართულ ოცნებას“ ნორმების გადახედვისკენ მოუწოდა. ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო-სამართლებრივი მრჩეველი ორგანოს შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს, ზღუდავს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს — გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას — და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმისა და ოპოზიციის არსებობას.

კომისიის დასკვნით, დოკუმენტი სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად კონსტიტუციურ სისტემას ძირს უთხრის. ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სამართლებრივი განსაზღვრულობის დეფიციტსა და ბუნდოვან ტერმინებზე („გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ და სხვა), რაზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და არაპროპორციული ჯარიმების გავრცელება დაუშვებლად მიიჩნევა. ამასთან, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასკვნის მომზადების პროცესში თანამშრომლობაზე უარი თქვა.