ზურაბიშვილი: დღეს საქართველოსთვის სამარცხვინო დღეა - „ოცნება“ დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას ცდილობს

21.10.26 18:23
ზურაბიშვილი: დღეს საქართველოსთვის სამარცხვინო დღეა - „ოცნება“ დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას ცდილობს

 

 

„დღეს საქართველოსთვის სამარცხვინო დღეა“, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას ცდილობს, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს და საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მსგავსად, ანადგურებს. 

დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების. დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებისთვის, დღეს არის დღე, როცა ცდილობს "ქართული ოცნება", რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში, იმიტომ, რომ ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთმა ქვეყანამ არ ჩაიდინა, რასაც ჰქვია, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და ამ ფორმით ამის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოთი და აღარც ვიცი, რა მდგომარეობაში ჩააყენა "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლო და როგორ ასამარებს თვით საკონტიტუციო სასამართლო, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაშიდაც ამყოფებს "ქართული ოცნება" ამ ქვეყანას და საერთოდაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები