პაპუაშვილის ინფორმაციით, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს

28.10.26 15:35
პაპუაშვილის ინფორმაციით, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად 2 თვეში გადადგება - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ირკვევა, რომ ნანა ყეინიშვილის ოფიციალური წერილი პარლამენტში დღეს, 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა,  კანონით დადგენილი ორთვიანი ვადის გათვალისწინებით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადამდგარად 29 დეკემბრიდან ჩაითვლება.

ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს გააკეთა.

  • პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ არის არჩეული, გადადგომა სურს, მან პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე სულ მცირე 2 თვით ადრე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, დღეს 28 ოქტომბერს  გამოეხმაურა ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ ნანა ყეინიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: "ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს" - თქვა მან. 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ განაცხადა.

საქმე კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანიის წარმომადგენლებს ბიზნესში წილს სთხოვს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ჰპირდება. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაცვის მიზნით დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები