ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა დამფუძნებლებმა საპარლამენტო მანდატები დახიეს

29.10.26 14:43
ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა დამფუძნებლებმა საპარლამენტო მანდატები დახიეს

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა  დამფუძნებლებმა 2008 წელს პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მანდატების დახიეს და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დასვა კითხვა - იყო თუ არა მაშინ ეს ფორმა არაკონსტიტუციური?

  • საუბარია, 2008 წლის 7 ივნისზე, როცა ახლად არჩეული მეშვიდე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო მიტინგი გამართა. სწორედ მათ შორის იყვნენ ის ადამიენბი, რომლებმაც 2012 წელს "ოცნების" დაფუძნებაში და ხელისუფლებაში მოყვანაში მიიღეს მონაწილეობა. 

2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება და ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი მანდატები გააუქმა "ოცნებამ" და თუკი განცხადებით მიმართავ და ზოგადად ეს აქტი არის კონსტიტუციური შინაარსით, მაშინ "ოცნება" თანამონაწილე ყოფილა ამ აქტის, რადგან ჩვენ მივმართეთ განცხადებით და მათ გააუქმეს ჩვენი მანდატები და დღეს ამას ბრალდებად გვიყენებენ". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსის განცახდებით, პარადოქსია, რომ ადამიანები, რომლებმაც 2022 წელს საპარლამენტო მანდატი შეუწყვიტეს,  დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას უყენებენ. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „გასული საუკუნის 90-იან წლებშიც და ახლაც, ამ პროცესების უკან იდგა და დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების ის დაუძინებელი მტერი, რომლისთვისაც დამოუკიდებელი, დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირებული საქართველო მიუღებელია“.

რაც შეეხება 2022 წელს საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას, თეა წულუკიანმა ინტერვიუში თქვა, რომ „სააკაშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა მოსამართლეებს: არევაძეს, ჯორბენაძესა“ და ასახელებს სხვა გვარებსაც. თუკი ეს მოსამართლეები ქალბატონი წულუკიანის სიტყვებით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, მაშინ მნიშვნელოვანია სასამართლომ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების საფუძველზე შემიწყვიტა საპარლამენტო უფლებამოსილება და მისი ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სწორედ მოსამართლე ჯორბენაძის თავმჯდომარეობით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ. უნდა ითქვას, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც მოკლე ვადებში მიიღო წარმოებაში ეს საქმე და ამჟამად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის ხვედრი 2022 წელს უკვე მეორედ მარგუნა ბედმა. 1990 წელს ჩვენ არჩევნების გზით დავამარცხეთ კომუნისტური პარტია. 1991 წელს კი, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით და ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ამის შემდეგ იარაღით მოხდა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა. და მე, როგორც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს და პარლამენტის წევრს, იარაღის ძალით შემიწყვიტეს პარლამენტის მანდატი.

კიდევ ერთი პარადოქსია, მაგრამ ბევრი ის ადამიანი, ვინც მაშინ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, ან, სულ მცირე, სიმპათიას არ მალავდა შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებისა და თავად ამ პროცესის მიმართ, მიზანდასახულად ებრძოდა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, დღეს ხელისუფლებაშია და ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის, ამჯერად იარაღის გარეშე და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ცდილობს კიდევ ერთხელ შემიწყვიტონ, ამჯერად არა მხოლოდ საპარლამენტო მანდატი, არამედ პოლიტიკოსის და ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი.

ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლები და ჩვენი მაშინდელი და დღევანდელი მდევნელები არიან საქართველოს პატრიოტები?! ესეც კიდევ ერთი პარადოქსი! არადა სწორედ რომ ჩვენ, ჩვენი მხარდამჭერები და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველები! მაშინაც და ახლაც ამ პროცესების უკან იდგა და დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების ის დაუძინებელი მტერი, რომლისთვისაც დამოუკიდებელი, დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირებული საქართველო მიუღებელია!“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.