საია აქვეყნებს დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლებიც გიორგი დავითაძემ მათთან შეხვედრისას აღწერა
საიას აქვეყნებს ვრცელ შეფასებას პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.
ორგანიზაცია წერს, რომ გიორგი დავითაძის საქმის ობიექტური დოკუმენტირებისა და შეფასების მიზნით, ამ ფაქტის გახმაურებიდან პირველივე დღეებში აგროვებდა მონაცემებს.
დოკუმენტი მოიცავს: გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ საიას მიერ დოკუმენტირებული ინფორმაციას.
საია ქრონოლოგიურად გთავაზობთ მოვლენებს, რომლებიც გიორგი დავითაძემ შეხვედრისას აღწერა:
1.1. სავარაუდო პროვოკაციები და ციხის სუბკულტურაში პატიმრის რეპუტაციის შელახვის მცდელობები
გიორგი დავითაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მის მიმართ სხვადასხვა სახის პროვოკაციას მიმართავდნენ.გიორგი დავითაძემ პროვოკაციული და დამამცირებელი მოპყრობის კონკრეტული შემთხვევებიც აღწერა. მისი განცხადებით, საბანაოდ გაყვანისას, ბანაობის პროცესში მას წყალს უთიშავდნენ. გარდა ამისა, ერთხელ იგი თმის გადასაპარსად გაიყვანეს, თუმცა მხოლოდ თავის ნახევარი გადაპარსეს. მისი თქმით, ასეთ ქმედებებს მისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვებოდა, რაც გინებაში გამოიხატებოდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები მას გაფრთხილებას აძლევდნენ.
1.2. საკანში არსებული პირობები და ექიმის კაბინეტში მომხდარი ეპიზოდი
გიორგი დავითაძის განცხადებით, გასული წლის ზამთრის განმავლობაში მის საკანში გათბობა არ მუშაობდა, რის გამოც, რამდენიმე მაისურის, შარვლისა და წინდის ერთდროულად ჩაცმა უწევდა.მისი მონათხრობის თანახმად, ექიმთან გაყვანისას შენიშნა, რომ ექიმის კაბინეტთან მილში გათბობა ჩართული იყო, შესაბამისად, იკითხა, რატომ იყო გათბობა იქ, მაშინ, როდესაც მის საკანში არ მუშაობდა. მისი თქმით, ამ კითხვაზე უპასუხეს: „შენ ვინ გეკითხება?“ მას შემდეგ, რაც მიუთითა, რომ მის საკანში გათბობა არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გიორგი დავითაძის განცხადებით, მანაც გინებით უპასუხა.
1.3. საკნის შემოწმება და დეესკალაციის ოთახში გადაყვანა
გიორგი დავითაძის განცხადებით, ექიმის კაბინეტში მომხდარი ეპიზოდიდან რამდენიმე დღეში მის საკანთან ბადრაგის ხუთი-ექვსი თანამშრომელი მივიდა. მათ განუცხადეს, რომ შემოწმება უნდა ჩაეტარებინათ. დავითაძის თქმით, იგი საკნიდან ჩვეულებრივად გამოვიდა და აგრესია არ გამოუვლენია.მისი მონათხრობის თანახმად, თანამშრომლები საკანში შევიდნენ და დაათვალიერეს. თავად გიორგი დავითაძე ამ დროს საკნის გარეთ, კედელთან იდგა. მისი თქმით, გაჩხრიკეს და შეამოწმეს, მათ შორის, დეტექტორის გამოყენებით, თუმცა არაფერი აღმოუჩენიათ. ამის შემდეგ ის საკანში დააბრუნეს.
გიორგი დავითაძე აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი-ორი წუთის შემდეგ თანამშრომლები კვლავ შევიდნენ მასთან და უთხრეს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაჰყავდათ. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და მიუთითა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საფუძველი არ არსებობდა. იგი ადასტურებს, რომ სიტყვიერად შეეწინააღმდეგა თანამშრომლებს. თუმცა, მისი თქმით, ფიზიკურად არავის შეხებია და არც ამის მცდელობა ჰქონია, ვინაიდან მისთვის შეცნობადია, რომ ეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრას გამოიწვევდა. ამიტომაც, პატიმრის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას, ან მასში ჩაბმას ის მუდმივად ემიჯნება.
როგორც გიორგი დავითაძე იხსენებს, დეესკალაციის ოთახამდე 10-15 წუთის განმავლობაში მშვიდად მიჰყვებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დროის ამ მონაკვეთში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა, ამჩნევდა, რომ გზად მისი გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობა იზრდებოდა, რაც საეჭვოდ მიიჩნია.
მისი თქმით, ჯიხურის გავლის შემდეგ იქ ბადრაგის ათეულობით თანამშრომელი დახვდა, რომლებიც მას, მის დედას, ოჯახის წევრებსა და შვილებს აგინებდნენ და ეუბნებოდნენ: „გაგაფუჭებთ“. გიორგი დავითაძე აღნიშნავს, რომ ცდილობდა, ფიზიკურად არავის შეჰხებოდა, რათა მისთვის დამატებითი ბრალდება არ წარედგინათ.
1.4. დეესკალაციის ოთახში სავარაუდო სექსუალური ძალადობა
გიორგი დავითაძის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში შესვლის შემდეგ მან პენიტენციურის თანამშრომლებს აგინა (იმ გინებების საპასუხოდ, რომლებიც ოთახში შემოყვანამდე გამოატარეს), რის შემდეგაც ბადრაგები ოთახში შევიდნენ. მისი განმარტებით, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოკადრებში სწორედ ამ ეტაპზე განვითარებული მოვლენებია ასახული.გიორგი დავითაძის თქმით, თანამშრომლებმა იგი გააკავეს და თითით გააუპატიურეს. იგი ასახელებს გიორგი კვარაცხელიას და აცხადებს, რომ მას ხელზე რეზინის ხელთათმანი ეკეთა. დავითაძის განცხადებით, მან იგრძნო, რომ აღნიშნული ქმედება ხელთათმანიანი ხელით განხორციელდა, რის შემდეგაც თანამშრომელმა ხელი მასვე შეაწმინდა. დავითაძის განმარტებით, საკანში არსებული სიცივის გამო, მას რამდენიმე შარვალი და ტრუსი ეცვა, ამიტომ რთულად ჩაუყვეს ხელი შარვალში, რის შემდგომაც ხელის შემოტრიალება და ტკივილი იგრძნო.
მისივე თქმით, ამის შემდგომ თანამშრომლები დეტექტორის აპარატით ცდილობდნენ მისი საჯდომის არეზე ზემოქმედებას. იმავდროულად, რამდენიმე ბადრაგი ყურში ეუბნებოდა: „მოტ*ნული ხარ“, „გაფუჭებული ხარ“ და შვილებს აგინებდა.
გიორგი დავითაძის განცხადებით, ამ ქმედებების დასრულების შემდეგ თანამშრომლები ოთახიდან გავიდნენ, რის შემდეგაც მათ კვლავ აგინა.
1.5. დეესკალაციის საკანში არსებული პირობები და შემდგომი კომუნიკაცია თანამშრომელთან
გიორგი დავითაძის განცხადებით, დეესკალაციის საკანში ორი დღის განმავლობაში სავენტილაციო სისტემიდან ცივ ჰაერს უშვებდნენ. სიცივისგან თავის დასაცავად გიორგი დავითაძემ ლეიბი საწოლიდან იატაკზე გადაიტანა და იქ განთავსდა, ვინაიდან ვენტილაციის მილი საწოლის მიმართულებით უბერავდა. მისი თქმით, ციხის თანამშრომლები არ რთავდნენ გათბობას და განზრახ ჩართეს კონდიცირება. იგი ჯანმრთელობის დაზიანებას საკანში არსებულ სიცივეს უკავშირებს.მისი მონათხრობის თანახმად, სავარაუდო ძალადობის მომდევნო დღეს მას ესაუბრა ბადრაგი, რომელსაც „თენგოს“ სახელით მოიხსენიებს. მან გიორგი დავითაძეს უთხრა, რომ მომხდარი მათ შორის უნდა დარჩენილიყო და შეენახათ, ასევე, განუცხადა: „გარედან და ზემოდან მოგიკითხეს“.
გიორგი დავითაძემ ეს საუბარი ადმინისტრაციასთან ფარული თანამშრომლობის, მისივე სიტყვებით, „აგენტურული საქმიანობის“ შეთავაზებად აღიქვა. მოკითხვის ეპიზოდს კი წარსულში მასსა და შსს-ს თანამშრომელს შორის მომხდარს უკავშირებს.
1.6. ოჯახთან, ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დაკავშირების მცდელობები
გიორგი დავითაძის განცხადებით, მესამე დღეს იგი დეესკალაციის ოთახიდან ზემოთ მდებარე საკანში გადაიყვანეს. მან სატელეფონო ზარის განხორციელება მოითხოვა, თუმცა უთხრეს, რომ დარეკვა აკრძალული ჰქონდა.მისი თქმით, მან იცოდა, რომ აკრძალვის მიუხედავად ჰქონდა სახალხო დამცველთან ზარის უფლება, რის გამოც განმეორებით მოითხოვა სახალხო დამცველთან დაკავშირება. იგი ტელეფონთან მიიყვანეს, რომელიც არ მუშაობდა და, ამის გამო, დასცინოდნენ. მას არც სახალხო დამცველთან დარეკვის შესაძლებლობა მისცეს.
მისი მონათხრობის თანახმად, მომდევნო დღეს მამას წერილი გაუგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მამამ წერილი მიიღო, მასთან ადვოკატი შევიდა. გიორგი დავითაძის თქმით, ადვოკატმა უთხრა, რომ მომხდარის შესახებ სახალხო დამცველს აცნობებდა.
ადვოკატის გასვლის შემდეგ, დაახლოებით ღამის 11 საათზე, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა. მისი თქმით, თავდაპირველად არ დაიჯერა, რომ მისული პირი სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო. რადგან მას ბოლომდე არ ენდობოდა, მომხდართან დაკავშირებით აცნობა, რომ მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განხორციელდა, უთხრა, რომ საცვალში ხელი ჩაუყვეს და შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა.
1.7. გამომძიებელთან შეხვედრა და სავარაუდო დაშინების ეპიზოდი
გიორგი დავითაძის განცხადებით, მომდევნო დღეს მასთან ადვოკატი გამომძიებელთან ერთად შევიდა და მან მომხდარი დეტალურად აღწერა.მისი თქმით, შეხვედრის მიმდინარეობისას ოთახის კარი ბადრაგმა „თენგომ“ შემოაღო და კართან დადგა. გიორგი დავითაძემ ეს ქმედება დაშინების მცდელობად აღიქვა და იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ სწორედ ეს იყო თანამშრომელი, რომელზეც მანამდე, დეესკალაციის ოთახში მომხდარ ინციდენტთან მიმართებით საუბრობდა.
გიორგი დავითაძის მონათხრობის თანახმად, თანამშრომელმა ოთახიდან გასვლა დააპირა, თუმცა მას ვინაობა ათქმევინეს, რაც გამომძიებელმა ჩაინიშნა.
1.8. ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითმკვლელობის მცდელობა
გიორგი დავითაძემ საიას ადვოკატთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც ისაუბრა, რაც ზამთარში საკანში გათიშულ გათბობასა და დეესკალაციის ოთახში არსებულ სიცივეს დაუკავშირა. მან ასევე მიუთითა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზეც და საკუთარი მდგომარეობა აღწერა სიტყვებით: „დანგრეული ვარ ჯანმრთელობის ამბავში“.მისი თქმით, გასულ წელს მომხდარი სავარაუდო ძალადობის შემდეგ ხედავდა, რომ გამოძიება ჭიანურდებოდა. პარალელურად, ციხის თანამშრომლები შეხვედრისას ეუბნებოდნენ: „მოტ*ნული ხარ“, „ქათამი ხარ“ და ამცირებდნენ სხვადასხვა მეთოდით.
გიორგი დავითაძის განცხადებით, ამგვარი მოპყრობის ატანა აღარ შეეძლო და ერთ დღეს, საკანში დაბრუნებულმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა დროულად მიუსწრეს. მისი თქმით, ამის შემდეგ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა და სარკეში რომ ჩაიხედა, სახეზე კაპილარები დამსკდარი ჰქონდა.
1.9. სხვა პატიმრების მხარდაჭერა და მათ მიმართ სავარაუდო ძალადობა
გიორგი დავითაძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრების მხრიდან მის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა მოჰყვა. სასეირნო სივრციდან და საკნების ფანჯრებიდან ისინი მას მხარდაჭერას უცხადებდნენ. პატიმართა ნაწილმა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დასჯის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.დავითაძის თქმით, თავად დაინახა, როგორ მიათრევდნენ და სცემდნენ არაერთ პატიმარს. იგი ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა პატიმართა ცემისა და ძალადობის ხმები დაწესებულების სხვადასხვა მხრიდან. დავითაძის თქმით, მისი მხარდაჭერის გამო, ათეულობით პატიმარი მე-6 დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, პატიმრების ნაწილი კი ჩაიყვანეს დეესკალაციის ოთახებში.
გიორგი დავითაძის განცხადებით, სწორედ სხვა პატიმრების ცემის ხმების გაგონების შემდეგ გადაყლაპა რამდენიმე მცირე ზომის საგანი პროტესტის ნიშნად და უარი განაცხადა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე.¹¹ მისი განმარტებით, ამ ქმედებით სურდა, მხარდაჭერა გამოეხატა იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც სცემდნენ და აგინებდნენ. სავარაუდოდ ნაცემ და ნაგინებ პირებს შორის იგი ასახელებს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის, გელა ისაშვილს, ვინმე მინასოვს, ბექა შენგელიას, ლაშა ჩაჩანიძეს. ჩაჩანიძის სავარაუდო ცემის შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებითაც გავრცელდა (მასზე ინფორმაცია ქვემოთ არის მოცემული). გიორგი დავითაძის განცხადებით, თანამშრომლები პატიმრებთან შედიან და პროვოკაციებს უწყობენ, ხოლო ყველა პატიმარი, რომელიც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, რაღაც ფორმის რეპრესიას აწყდება.
საპასუხოდ, 2026 წლის 5 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის, არამედ დაწესებულების თანამშრომელზე თავდასხმის გამო და გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ სცემენ დაწესებულების თანამშრომლებს თავისუფლებააღკვეთილი პირები" - წერია დოკუმენტში.
საიას მიაჩნია, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება უნდა განახლდეს და მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. საქართველოს პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს განხორციელებული დოკუმენტში ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ამ შეკითხვებზე საზოგადოებას დასაბუთებული პასუხები წარუდგინოს. ორგანიზაცია განაგრძობს პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს.
აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება უნდა განახლდეს და მას დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
ორგანიზაცია მსჯავრდებულის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს განხორციელებული ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები:
1) პროკურატურას უნდა შეეფასებინა გიორგი დავითაძესა და შესაძლო მოწმეებზე ზეწოლისა და შურისძიების რისკები და მიეღო დამცავი ზომები, რათა სავარაუდო ძალადობაში მონაწილე თანამშრომლებს არ ჰქონდეთ მათთან უკონტროლო კონტაქტისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა.
2) პროკურატურას უნდა შეესწავლა და დაეწყო გამოძიკება გიორგი დავითაძის მიერ სუიციდის მცდელობის ეპიზოდზე.
3) პროკურატურას უნდა შეეჩერებინა სავარაუდო მოძალადეთა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე, გიორგი დავითაძის და სხვა თავისუფლებააღკვეთილი პირების შემდგომი ძალადობისგან დაცვის მიზნით. ის, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რომელიც გაუპატიურებასა და სისტემატიურ ზეწოლაზე მიუთითებს, გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგაც სავარაუდო მოძალადეთა გარემოცვაში იმყოფება, საყურადღებოა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.
4) პროკურატურას უნდა მოეპოვებინა (უნდა მოიპოვოს) სავარაუდო ძალადობამდე, მის დროს და მის შემდეგ ყველა შესაბამისი კამერის სრული ჩანაწერები, განსაკუთრებით, მორიგის ჯიხურთან არსებული კამერის მასალა, შეამოწმოს მათი მთლიანობა, ხოლო ჩანაწერების არარსებობის შემთხვევაში, დაადგინოს მათი დაკარგვის ან წაშლის გარემოებები და პასუხისმგებელი პირები.
5) პროკურატურას უნდა უზრუნველეყო (უნდა უზრუნველყოს) გიორგი დავითაძის დეტალური და კონფიდენციალური გამოკითხვა ადვოკატის მონაწილეობით, სავარაუდო მონაწილე თანამშრომლებისგან დაცულ გარემოში, რათა დაზუსტდეს მოვლენების თანმიმდევრობა, თითოეული პირის მოქმედება, შესაძლო მოწმეები და მტკიცებულებები, განმეორებითი ტრავმატიზაციის თავიდან აცილებით.
6) პროკურატურას, მორიგეობის განრიგების, გადაადგილების ჩანაწერებისა და ვიდეომასალის საფუძველზე, უნდა დაედგინა (უნდა დაადგინოს) ყველა მონაწილე თანამშრომლის ვინაობა და ინდივიდუალური როლი, მათ შორის, ვინ გასცემდა მითითებებს, აკავებდა პატიმარს, უშუალოდ მოქმედებდა ან ესწრებოდა სავარაუდო ძალადობას.
7) პროკურატურას უნდა მოეპოვებინა (უნდა მოიპოვოს) შემოწმების, ძალის გამოყენებისა და დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებები, ჩანაწერები და გადაემოწმებინა, რატომ გახდა საჭირო ეს ღონისძიებები მას შემდეგ, რაც, გიორგი დავითაძის განცხადებით, თავდაპირველი შემოწმება უკვე დასრულებული იყო.
8) პროკურატურას უნდა აღედგინა (უნდა აღადგინოს) სავარაუდო ძალადობიდან პატიმრის მიერ გარე სამყაროსთან პირველ კონტაქტამდე გასული პერიოდი და დაედგინა, ვინ, რა საფუძვლით და რამდენ ხანს ზღუდავდა გიორგი დავითაძის კომუნიკაციას, ჰქონდა თუ არა მას სხვა რეალური საკომუნიკაციო შესაძლებლობა და ხომ არ ემსახურებოდა შეზღუდვა მომხდარის გამჟღავნების შეფერხებას.
9) პროკურატურას გიორგი დავითაძის ინფორმირებული თანხმობით უნდა უზრუნველეყო (უნდა უზრუნველყოს) სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისი დამოუკიდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და სრული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, მათ შორის, სავარაუდო ძალადობის შესაძლო შედეგების, ჯანმრთელობის გაუარესებისა და თვითმკვლელობის მცდელობის გარემოებების დასადგენად"- წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ანგარიში ვრცლად იხილეთ აქ.