რის თქმა მოასწრო ღარიბაშვილმა, ვიდრე პროცესს დახურავდნენ

02.11.26 18:21
რის თქმა მოასწრო ღარიბაშვილმა, ვიდრე პროცესს  დახურავდნენ

„მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ჩემი განმარტებები" - ამ წინადადების წარმოთქვა მოასწრო ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიდრე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სასამართლო პროცესს დახურავდა. 

ამის შემდეგ "ოცნების" ყოფილ ლიდერს განუმარტეს, რომ მხოლოდ სხდომის დახურვა-არდახურვაზე შეეძლო საუბარი.

"რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები [პროკურატურის]  შუამდგომლობას [სხდომის დახურვასთან დაკავშირებით]. მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და დაინახოს ხალხმა ბრალდების აბსურდულობა. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დახურვამდე.

საბოლოოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ ანი ლეკიაშვილის შუამდგომლობა და ირაკლი ღარიბაშვილის ახალი, მიმდინარე საქმის განხილვა დახურა.

ვიდრე სხდომას დახურავდნენ, სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ლუკა ელდარ კურტანიძე, რომელიც ღარიბაშვილს შეძახილით შეეგება: „ერისკაცს გაუმარჯოს“. სხდომას ესწრებოდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძეც.

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები