„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის - არჩევნების შედეგებს ცესკო შეაჯამებს, გასაჩივრების შესაძლებლობა კი შეიზღუდება

03.11.26 15:46
„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის - არჩევნების შედეგებს ცესკო შეაჯამებს, გასაჩივრების შესაძლებლობა კი შეიზღუდება

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებებს გეგმავს - 28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, არჩევნების შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, საუბნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით, პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. ამასთან, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 15 დღით განისაზღვრება.

მნიშვნელოვნად იზღუდება შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ცვლილებები არჩევნების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას ფაქტობრივად აუქმებს, რადგან სასამართლოში არსებითი საარჩევნო დარღვევების გასაჩივრებისთვის სივრცე აღარ დარჩება.

„შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები.

მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“, - აცხადებს ქურდოვანიძე.