საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტენ ისინი, ვინც ძალაუფლებას დროებით ფლობენ - ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში გამართულ „ევროპული ღირებულებების ტიმიშოარას ფორუმზე“ დემოკრატიის დაცვაზე საუბრისას, საქართველოს მაგალითზე ახსნა, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საზოგადოების უწყვეტ პროტეტზე ისაუბრა, რომელიც 2 წელიწადზე მეტია, ქვეყანაში მიმდინარეობს და ხაზი გაუსვა იმ მეთოდებს, რომლითაც “ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს უპირისპირდება.
მან ასევე ისაუბრა ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე და იმ ლექსიკაზე, რომელიც მმართველმა გუნდა მედიებისთვის აკრძალა.
საქართველოში, ჩემს ქვეყანაში, ამ არჩევანს ფასი აქვს. ნოემბრიდან მოყოლებული, ქართველები ქუჩებში გამოვიდნენ — სტუდენტები, ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები — და მათ ყველაფერს გაუძლეს: ძალადობას, ღია ძალადობას, დაშინებას, დაკავებას, დევნას და შემდეგ იმას, რაც ნაკლებად ღია და ნაკლებად ძალადობრივია, და შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრიც კია — ეს არის ჩუმი, ყოველდღიური რეპრესია. მაგრამ მათი საპასუხო გზავნილი მკაფიოა: ისინი არ დანებდებიან. საქართველო მისი ხალხისაა და მის მომავალს ვერ გადაწყვეტენ ისინი, ვინც ძალაუფლებას დროებით ფლობენ, თუნდაც მტკიცედ. და შეხედეთ, რას უპირისპირდებიან ეს ადამიანები: სამოქალაქო საზოგადოება სისტემატურად ნადგურდება რეპრესიული კანონმდებლობითა და სახელმწიფო ზეწოლით. დამოუკიდებელი მედია ცენზურით ითრგუნება. ძალიან ბოლოდროინდელი მაგალითი ძალზე საინტერესოა: კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომიტეტმა გამოსცა რეგულაცია, რომელიც ამბობს, რომ მედიას არ აქვს უფლება გამოიყენოს 93 სიტყვა. მე არ ვაპირებ ამ 93 სიტყვის წაკითხვას, მაგრამ „რეჟიმი“, „რეპრესია“, „დაპატიმრებული ხალხი“ — ეს ყველაფერი აკრძალული სიტყვებია. და ამის გამო, ჟურნალისტი, რომელიც ეთერში იყო, ციხეშია იმ სიტყვების გამოყენებისთვის, რომლებიც ამ 93 სიტყვას შორის იყო. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ძალზე უცნაურ ქვეყანაში, სადაც რეპრესია იჭრება ჩვენს სახლებში, ჩვენს გონებასა და ჩვენს სიტყვებში. ივანიშვილის შვილი, სასამართლოებში ჩივის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც, მისი თქმით, ის ცუდად მოიხსენიეს, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში, ტიმიშოარაში გამართულ „ევროპული ღირებულებების ფორუმზე“ (Timișoara Forum for European Values), მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარსდგა.
ფორუმი დიალოგის ევროპული პლატფორმაა, რომელიც დემოკრატიულ მედეგობას, ქალთა ლიდერობას, ახალგაზრდობის ჩართულობას, სამოქალაქო მონაწილეობასა და იმ ღირებულებებს ეძღვნება, რაც თავის მხროვ, ევროპული პროექტის საფუძველს წარმოადგენს.
ფორუმში მონაწილეობენ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.