მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა - გადაწყვეტილება პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. გვარამიას გაძევების მიზეზად მოსამართლემ ადგილიდან საუბარი დაასახელა.
სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიაყო, რაც მოსარჩელე მხარემ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ ისაუბრა.
ნიკა გვარამიას პროტესტი არჩილ გორდულაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ "არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული".
„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია.
ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ - განაცხადა გვარამიამ.
„ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, - მიმართა გორდულაძემ გვარამიას.
საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
რა მოხდა და რაზე ისაუბრა გვარამიას გაძევებემდე მოსარჩელემ?
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, კამათი და სიტყვიერი დაპირისპირებაა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა მოსარჩელე მხარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე მოვლენების დროს, დაახლოებით, სამართალდამცველი ორგანოს 170 წარმომადგენელი დაზიანდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სასამართლოსგან მოითხოვდნენ, მოსარჩელეს დაეზუსტებინა 170 პოლიციელის დაშავების საკითხი სარჩელში მტკიცებულების სახით, სად ჰქონდათ მითითებული.
„როდესაც რაღაც ითქმება, იქნებ მტკიცებულებით მიუთითოს, რომ ვნახოთ, სად არის ეს ყველაფერი. ანუ 170 კაცი დაზიანდა - ეს თხზულებაა თუ მტკიცებულება არ არის. ხომ გამოვტოვეთ, ბატონო თავმჯდომარე, მტკიცებულებების გამოკვლევა და აქ მაინც გვითხრან, რომ ჩავინიშნოთ მტკიცებულება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„არაფერი გამოუტოვებია სასამართლოს, ნუ უტრირებთ“, - მიმართა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ. თავის მხრივ, არჩილ გორდულაძემ საკუთარ სამუშაო ლეპტოპში „დაშავებული პოლიციელების ამსახველი ფოტოები“ გახსნა და სასამართლოს უჩვენა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა ნიკა გვარამიას მწვავე პროტესტი და გორდულაძესთან სიტყვიერი დაპირისპირება.
ასევე, კამათის პროცესში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა სასამართლოს მოუწოდა, არჩილ გორდულაძისთვის უზრდელობისთვის „შენიშვნა“ მიეცა.
რას ამბობს კანონი?
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს. განმეორებითი დარღვევის ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დარბაზიდან გაძევება სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გაძევებულ პირს დაბრუნების უფლება მისცეს.