მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის კითხვები ნიკა გვარამიას და პოლიტიკოსის პასუხი
რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა პოლიტიკური ლიდერის განცხადება ძალადობისკენ მოწოდებას? - შესაბამისი კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას დაუსვა.
მეორე კითხვა ეხება მშვიდობიან პროტესტს და ძალადობას, ანუ როგორ უნდა გაიმიჯნოს მშვიდობიანი პროტესტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, პოლიციური წინააღმდეგობა და ძალადობრივი წინააღმდეგობა?
მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რა მომენტიდან შეიძლება პოლიციური პროტესტი გასცდეს კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებს? პიროტექნიკა, ქვები, მოლოტოვის კოქტეილი?
ნიკა გვარამიამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ აქციის უკანონობა და მისი ძალადობრივი ხასიათი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
"აქცია შეიძლება უკანონო იყოს, მაგრამ არაძალადობრივი, ან კანონიერი, თუმცა ძალადობრივი. მხოლოდ კანონის დარღვევა არ ნიშნავს, რომ აქცია კონსტიტუციური და კონვენციური დაცვით აღარ სარგებლობს"- უთხრა მან მოსამართლეს.
მისი თქმით, პარტიისთვის კონკრეტული ქმედებების მიკუთვნებისას უნდა დადგინდეს, ძალადობა სპორადული და ინციდენტური იყო თუ წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული და კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.
გვარამია ამბობს იმასაც, რომ ერთმანეთისგან უნდა განასხვავონ მოლოტოვის კოქტეილი და პიროტექნიკა.
მისი თქმით, მოლოტოვის კოქტეილი წინასწარ მომზადებული ცეცხლგამჩენი საშუალებაა, რომლის გამოყენებასაც ზიანის მიყენების საფრთხე ახლავს, პიროტექნიკა კი იარაღი არ არის და მისი გამოყენების შეფასებისას მნიშვნელობა აქვს, ის ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენეს თუ ჰაერში გაუშვეს და ზიანი თანმდევად დადგა.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ აქციაზე ცალკეული სამართალდარღვევები ავტომატურად არ განსაზღვრავს მის ძალადობრივ ხასიათს, ხოლო კონტექსტი შეიძლება მტკიცებულებად გამოიყენონ, თუმცა თავისთავად აქციას ძალადობრივად ვერ აქცევს.
გვარამიას შეფასებით, აქციის შინაარსისა და მონაწილეთა ვინაობის ნაცვლად, სასამართლომ და პოლიციის კონკრეტული ქმედებები უნდა შეაფასოს.
გვარამის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება პიროტექნიკის შეძენა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.
ძალადობრივს არაფერს არ მივიჩნევთ დასაშვებად - თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა მოსამართლის საპასუხოდ.
რაც შეეხება „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და პიროტექნიკას, ამ ორს შორის განსხვავება დიდია. „მოლოტოვის კოქტეილი“, ბუნებრივია, რომ გარკვეულ მომზადებას საჭიროებს და იგი მომზადებულია წინასწარ. ის არის აალებადი საშუალება და ზიანის მოტანა თან დაჰყვება მის გამოყენებას. პიროტექნიკასთან დაკავშირებით ვითარება ასეთი არაა. ის არ არის იარაღი. ის შეიძლება აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არის, ბოლო ცვლილებებით ის შევიდა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში, მაგრამ იმ რაკურსში გადაყვანა, რომ აქცია ძალადობრივია და პიროტექნიკით შეიძლება კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, იმიტომ, რომ ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა. ასევე, შესაფასებელია ეს არის დამიზნებით სროლა ზიანის მისაყენებლად თუ ეს არის ჰაერში სროლა, რამაც გამოიწვია თანმდევი ზიანი.
მათ შორის საქართველოშიც აქციების შეფასება უფრო მეტად ხდება შინაარსით და იმის მიხედვით ვინ მონაწილეობს. მათ შორის პოლიციის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებაც ასე ხდება და არა იმის მიხედვით რეალურად როგორ მიმდინარეობს აქცია. ვყოფილვარ აქციებზე, ეს არ ყოფილა პარტიების მიერ ორგანიზებული აქციები და რაც მინახავს დარბევები, სრულიად გაუგებარი მიზეზით იწყებოდა ყველა, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება იყო ნათქვამი. გაფრთხილება აქციის დაშლას არ აქცევს კანონიერად. ეს ლეგალისტური მიდგომაა, ვალის მოხდაა. გაფრთხილების გამო აქცია არც უკანონოდ იქცევა და არც ძალადობრივად.
ბუნებრივია, რომ მონაწილეებს არ აქვთ ვალდებულება, რომ დაემორჩილონ ვინც არ უნდა იყოს ეს. იქნება ეს ქალი, რომლის ხმაც ჩაწერილია თუ ვინც არ უნდა იყოს. არ აქვთ ვალდებულება დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს. უკანონო ბრძანება არ ნიშნავს პასუხს ძალადობით. უკანონო ძალადობა ნიშნავს აუცილებელი მოგერიების პირობების დადგომას. ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში დაგმობადი ქმედებაა, მაგრამ ყოველთვის არსებობს წინაპირობები, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გვარამიამ.
მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე „ხელისუფლების შეცვლის მიზნით სახელმწიფო შენობების ძალადობრივი დაკავება ან პოლიციელზე თავდასხმა დაშვებული პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა“, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ „არა!“
„არა და არ მგონია ვინმე მიიჩნევდეს. ძალადობრივს დასაშვებად არაფერს მივიჩნევთ...
ძალადობა ვერ გახდება ნორმა. ძალადობრივი აქცია არ ნიშნავს აქციაზე ძალადობას. ეს ავტომატურად იდენტური არ არის. ძალადობრივი აქცია ნიშნავს, რომ ის ამ მიზნით გამოვიდა, რომ ეძალადა და კონკრეტული მიზნისთვის მიეღწია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო უკანონო დაშლები სახელმწიფოს მხრიდან და ინციდენტური ძალადობის პასუხები იყო ამ დაშლებზე, რომელი მათგანი შედიოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და რომელი არა, რომელი იყო დამიზნებით სროლა და რომელი არა, მე ამაზე ვერ ვიმსჯელებ.
ზოგადად, მიზანმიმართული ძალადობა ვინმეს დაზიანებისთვის, იქნება ეს პოლიციელი თუ მით უმეტეს, პოლიციელის მხრიდან მომიტინგე, შეუძლებელია, რომ ნორმალიზებული იყოს, ვინმეს მოსწონდეს და დასაშვებად მიიჩნევდეს. არც მე, არც ჩვენი პარტია და ჩემთვის ცნობილი არცერთი პარტია ამ რიგს არ მიეკუთვნება, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და ამ ეტაპზე, მოსამართლეების კითხვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პასუხობს.
საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. ისინი შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის − გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.